ეკატერინე დგებუაძე - სკოლები სასწავლო პროცესისთვის მომზადებული არიან, ჯანდაცვის სამინისტროს ყველა რეკომენდაცია არის შესრულებული
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილის ეკატერინე დგებუაძის განცხადებით, ხვალიდან საქართველოს 10 ქალაქში სასწავლო პროცესი დისტანციურ რეჟიმში გაგრძელდება.
„რაც შეეხება სხვა მუნიციპალიტეტებსა და სოფლად არსებულ საჯარო სკოლებს, აქ სასწავლო პროცესი აღდგება საკლასო ოთახში, თუმცა იმ შემთხვევაში, თუ განათლების სამინისტროს მომართავს საგანმანათლებლო რესურს ცენტრი ან სკოლა, იქნება დასაბუთებული, რატომ უნდა გადავიდეს კონკრეტული სკოლა დისტანციურზე, სამინისტრო ამ შემთხვევაში მას გადაიყვანს დისტანციურ სწავლებაზე. სხვა შემთხვევაში სასწავლო პროცესი საკლასო ოთახებში განახლდება“, – განაცხადა დგებუაძემ.
მისივე თქმით, სკოლები, სადაც სასწავლო პროცესი საკლასო ოთახებში განახლდება, მომზადებული არიან და ჯანდაცვის სამინისტროს ყველა რეკომენდაცია მათი მხრიდან შესრულებულია.
„რაც შეეხება მზაობას, მზაობა არსებობს, მომზადებულები არიან სკოლები, ყველა ის რეკომენდაცია, რომელიც ჯანდაცვის სამინისტრომ სკოლებს დაუწერა, არის შესრულებული. რა თქმა უნდა, გაზაფხულიდან მოყოლებული საჭიროებისამებრ ვცვლით, გადავდივართ დისტანციურზე, ან ვბრუნდებით საკლასო ოთახებში, თუ იქნება ეპიდემიოლოგების რეკომენდაცია“, – აღნიშნა ეკატერინე დგებუაძემ.
ეკატერინე დგებუაძის განმარტებით, ხვალიდან ასევე აღდგება ონლაინგაკვეთილები „ტელესკოლის“ ფორმატში.
„განათლების სამინისტროს და საქართველოს პირველი არხის ერთობლივი პროექტი ამ პროცესში ისევ ერთ-ერთი დამხმარე კომპონენტი იქნება“, – დასძინა ეკატერინე დგებუაძემ.
18 იანვარს 2020-21 სასწავლო წლის მეორე სემესტრი დისტანციური სწავლების სრულად ელექტრონული მოდელის გამოყენებით დაიწყება ქალაქებში: თბილისი, ქუთაისი, რუსთავი, თელავი, ზუგდიდი, ზესტაფონი, გორი, ფოთი, მარნეული და გარდაბანი. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე მოქმედი ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებები სასწავლო პროცესს ასევე გააგრძელებენ დისტანციურ რეჟიმში.
დანარჩენ სკოლებში სწავლა საკლასო ოთახებში განახლდება. სამინისტროს ინფორმაციით, ის სკოლები, სადაც მეორე სემესტრი საკლასო ოთახებში გაგრძელდება, კორონავირუსის პრევენციის მიზნით, სრულად არიან უზრუნველყოფილი პირბადეებით, დისტანციური, უკონტაქტო თერმომეტრებით, დეზობარიერითა და ზედაპირების სადეზინფექციო სითხეებით.