ეკატერინე დგებუაძე - ზაფხულის განმავლობაში განათლების სამინისტრო ინტენსიურად ემზადებოდა ე. წ. ჰიბრიდული მოდელისთვის, რაც სასწავლო პროცესის წარმართვას შერეული მეთოდით გულისხმობს
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო თბილისში, გორში, რუსთავში, ქუთაისში, ზუგდიდსა და ფოთში ზოგადსაგანმანათლებლო და უმაღლეს სასწავლებლებში 15 სექტემბრიდან სასწავლო პროცესის დისტანციურ რეჟიმში დაწყების შესახებ მიღებულ გადაწყვეტილებას ეხმაურება.
მინისტრის მოადგილის, ეკატერინე დგებუაძის განცხადებით, პანდემიის გამო ზაფხულის განმავლობაში სამინისტრო ინტენსიურად მუშაობდა პროექტ „ტელესკოლის“ ბადის აწყობაზე და გაკვეთილების ჩაწერაზე.
მისივე თქმით, ეროვნული სასწავლო გეგმის შესაბამისად, ყველა კლასისა და საგნისთვის, ასევე ეთნიკური უმცირესობებისთვის 15 სექტემბრიდან საზოგადოებრივი მაუწყებლის „პირველი არხი – განათლება“ ეთერით მოსწავლეებისთვის პროექტი „ტელესკოლა“ განახლდება.
„სამინისტრომ სკოლებისთვის ასევე შექმნა ელექტრონული ჟურნალი, რომელიც მასწავლებლების მიერ სკოლის მოსწავლეების დასწრებისა და შეფასების ელექტრონულად აღრიცხვას გულისხმობს. ელექტრონული ჟურნალი დისტანციურ სასწავლო პროცესს კიდევ უფრო გააძლიერებს. განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო თანამშრომლობს დაავდებათა კონტროლის ცენტრთან, მივაწოდეთ პედაგოგების სიები და აჭარაში ნამყოფი 2 100-მდე მასწავლებლის ტესტირება მოხდება.
იმ სკოლებში, სადაც 15 სექტემბრიდან სწავლა საკლასო ოთახებში დაიწყება სრულად იქნება დაცული ის რეკომენდაციები, რაც ჯანდაცვის სამინისტრომ კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით გასცა. განათლების სამინისტრომ სრულად უზრუნველყო საჯარო სკოლების ყველა სავალდებულო საჭიროებებით აღჭურვა – მათ შორის, პირბადეებით, დეზობარიერებით, ზედაპირების სადეზინფექციო სითხეებით და თერმოსკრინინგის აპარატებით“ , – განაცხადა ეკატერინე დგებუაძემ.
ამასთან, დგებუაძის ინფორმაციით, განათლების სისტემა მზად არის, სასწავლო პროცესი დაიწყოს როგორც საკლასო ოთახებში, ასევე, დისტანციურად.
„კორონავირუსის პანდემიის გამო, ზაფხულის განმავლობაში საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო ინტენსიურად ემზადებოდა ე. წ. ჰიბრიდული მოდელისათვის, რაც სასწავლო პროცესის წარმართვას შერეული მეთოდით გულისხმობს. გარდა ამისა, სამინისტროს აქვს გაზაფხულის სემესტრის მნიშვნელოვანი გამოცდილება, რაც იძლევა იმის თქმის საფუძველს, რომ სასწავლო პროცესი დისტანციურ ფორმატში შეუფერხებლად წარიმართება.
მინისტრის ბრძანებით შექმნილი და დამტკიცებულია დისტანციური სწავლების წესი, შესაბამისი ცვლილებები შევიდა ეროვნულ სასწავლო გეგმაში. აღნიშნულის შესახებ ყველა სკოლა ინფორმირებულია. სამინისტრომ უკვე უზრუნველყო სახელმძღვანელოებისა და პირველკლასელთა კომპიუტერების სკოლებისთვის მიწოდება. მოსწავლეებისათვის გადაცემა კი ეტაპობრივად უკვე დაწყებულია, რასაც თავად სკოლა უწევს ორგანიზებას“, – აღნიშნა დგებუაძემ.
კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, შემდეგ ქალაქებში: თბილისში, გორში, რუსთავში, ქუთაისში, ზუგდიდსა და ფოთში სასწავლო პროცესი ზოგადსაგანმანათლებლო და უმაღლეს სასწავლებლებში 15 სექტემბრიდან დისტანციურ რეჟიმში დაიწყება, 1-ლი ოქტომბრიდან კი საკლასო ოთახებსა და აუდიტორიებში გაგრძელდება.
აღნიშნული რეგულაცია უკვე მოქმედებს ქობულეთსა და ბათუმში. იმ სასწავლო დაწესებულებებს, რომელთაც უკვე დაწყებული აქვთ სასწავლო პროცესი, უნდა გადავიდნენ დისტანციური სწავლების ფორმატზე. გადაწყვეტილება ეხება როგორც საჯარო, ისე კერძო სკოლებსა და უმაღლეს სასწავლებლებს. ზემოთ ჩამოთვლილი ქალაქების გარდა, დანარჩენ მუნიციპალიტეტებში სასწავლო პროცესი 15 სექტემბრიდან საკლასო ოთახებსა და აუდიტორიებში დაიწყება.