ეკატერინე ადამია - შარშან მედიკამენტებით უზრუნველყოფის პროგრამით 30 ათასმა ადამიანმა ისარგებლა, რისთვისაც 8 მილიონი ლარი დაიხარჯა
გასულ წელს მედიკამენტებით უზრუნველყოფის პროგრამით 30 ათასმა ადამიანმა ისარგებლა, რისთვისაც 8 მილიონი ლარი დაიხარჯა, – ამის შესახებ ჯანდაცვის დეპარტამენტის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვისა და პროგრამების სამმართველოს უფროსმა, ეკატერინე ადამიამ განაცხადა.
ჯანდაცვის სამინისტროში უარყოფენ „ევროპული საქართველოს“ წევრის, დეპუტატ ზურაბ ჭიაბერაშვილის განცხადებას, რომ ჯანდაცვის სამინისტრო მედიკამენტების პროგრამისთვის გამოყოფილ თანხებს ვერ ითვისებს.
„2018 წელს ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებით უზრუნველყოფის პროგრამის ფარგლებში, 40-მდე დასახელების მედიკამენტი იქნა შესყიდული, რაზეც 8 მილიონი დაიხარჯა. ამასთან პროგრამის ფარგლებში, 2 მილიონ ლარამდე სატენდერო ეკონომია გაკეთდა. ასე რომ, ვერანაირად ვერ დავეთანხმებით ჭიაბერაშვილის ინფორმაციას“, – განაცხადა ეკატერინე ადამიამ.
მისი თქმით, აღნიშნული ინფორმაციის შესახებ სამინისტრომ, მოთხოვნის საფუძველზე, პარლამენტის წევრებს წერილობითი ფორმით არაერთხელ აცნობა.
ზურაბ ჭიაბერაშვილმა დღეს განაცხადა, 2018 წელს პროგრამით სულ 22 000-მა მოქალაქემ ისარგებლა, ხოლო ბიუჯეტის გათვალისწინებული ისედაც მწირი თანხები აუთვისებელი დარჩა.