ეკატერინბურგის დიდი სლემი - პირველი დღე ქართველების მედლისა და მასპინძლების ოქროს გარეშე [ვიდეო]
23:12, 17.03.2018
ეკატერინბურგის გრანდ სლემის პირველი დღე საქართველოს ნაკრებისთვის წარუმატებელი გამოდგა. ირაკლი ცირეკიძის გუნდიდან დღეს ორმა სპორტსმენმა იასპარეზა და ორივე მათგანი ტურნირს დილის სესიაშივე გამოეთიშა. ამირან პაპინაშვილმაც და ზვიად კაპანაძემაც მერვედფინალური ორთაბრძოლები დათმეს.
დღეს ვაჟთა შორის მედლების სამი კომპლექტი გათამაშდა. პაპინაშვილის წონაში (-60 კგ) ოქროს მედლისთვის მასპინძელთა ფალავანი – ისლამ იაშუევი ყაზახეთის ნაკრების წევრ იელდოსსმეტოვს დაუპირისპირდა.
შეხვედრამ ყაზახი ძიუდოისტის უპირატესობით ჩაიარა და საბოლოოდ, ორი ვაზარის შედეგად გამომუშავებული იპონით, მისივე გამარჯვებით დასრულდა.
ამავე წონაში ბრინჯაოს მედლებს რუსი – ბესლან მუდრანოვი და პაპინაშვილის დამმარცხებელი იაპონელი იუმაოშიმა დაეუფლნენ.
მასპინძლებმა კიდევ ერთი ფინალი -66 კილოგრამ წონით კატეგორიაში დათმეს. იაკობ შამილოვმა იაპონელ – ჰიფუმიაბესთან, საფინალო სირენამდე ნახევარი წუთით ადრე გაშვებული ვაზარით წააგო.
ამ წონის ბრინჯაოები ბელორუს დძმიტრომინკოუს და რუს აბდულა აბდულზაჰალილოვს ერგოთ.
-73 კილოგრამ წონით კატეგორიაში ჩემპიონი მონღოლი ცონგბაათარცენდ-ოჩირი გახდა, რომლისთვისაც ეს გრანდ სლემებზე პირველი ოქრო იყო. ფინალურ შეხვედრაში მან კაპანაძის მომგები სომეხი ფერდინანდ კარაპეტიანი, დამატებით დროში აღებული ვაზარით დაამარცხა.
კვარცხლბეკის მესამე საფეხური ამ წონაში მასპინძელმა ხურზაევმა და ფაბიო ბაზილემ დაიკავეს.
აღსანიშნავია, რომ მიუხედავად სხვადასხვა სინჯის 5 მედლის აღებისა, მასპინძელთა გამოსვლას წარმატებული მაინც ვერ დაერქმევა. რუსები საკუთარ კედლებში სრულ ტრიუმფს გეგმავდნენ, ვაჟთა შორის დღეს მათმა 12-მა სპორტსმენმა იასპარეზა და გაჩემპიონება ვერც ერთმა მოახერხა.
დღესვე მედლების ოთხი კომპლექტი ქალთა შორისაც გათამაშდა, სადაც ადგილები შემდეგნაირად გადანაწილდა:
-63 კგ
1. აიმინოუჩი (იაპონია)
2. ჟულფრანსენი (ჰოლანდია)
3. მაელე დი სინტიო (იტალია)
3. ედვიგეგვენდი (იტალია)
ეკატერინბურგის გრანდ სლემი ხვალ, მამაკაცთა ოთხი და ქალთა სამი წონითი კატეგორიის შეხვედრებით დასრულდება. ვაჟთა შორის მედლებისთვის ექვსი ქართველი ძიუდოისტი იბრძოლებს. კვარცხლბეკზე ასვლას ირაკლი ცირეკიძის გუნდიდან – 81 კილოგრამ წონით კატეგორიაში თამაზ კირაკოზაშვილი და ზებედა რეხვიაშვილი, -100-ში დავით ოზბეთელაშვილი და ონისე სანებლიძე, მძიმეში კი ონისე ბუღაძე და გურამ თუშიშვილი შეეცდებიან.