ეკატერინა ხვედელიძე - „ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი“ არ არის პოლიტიკური პროექტი, ეს იყო ჩვენი ოჯახის გულწრფელი სურვილი, შეგვექმნა მაღალი ტექნოლოგიების უნივერსიტეტი
„ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი“ არ არის პოლიტიკური პროექტი, ეს იყო ჩვენი ოჯახის გულწრფელი სურვილი, შეგვექმნა ისეთი მაღალი ტექნოლოგიების უნივერსიტეტი, რომელიც რეალურად მისცემდა ახალგაზრდებს ახალი ტიპის განათლების მიღების საშუალებას, – ამის შესახებ „ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის“ დამფუძნებელმა, ბიძინა ივანიშვილის მეუღლემ, ეკატერინა ხვედელიძემ ინტერვიუში განაცხადა, რომელიც „ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის“ მშენებლობას ეხება.
,,ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილისა და უნივერსიტეტის დამფუძნებლის, ეკატერინა ხვედელიძის ინტერვიუ „ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის“ ფეისბუქგვერდზე გამოქვეყნდა.
ეკატერინა ხვედელიძის თქმით, „ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი“ არ იქნება კერძო უნივერსიტეტი.
„ეს არ იქნება კერძო უნივერსიტეტი, როგორც სხვა მრავალი პროექტი, რომელიც დააფინანსა ჩვენმა ოჯახმა, ესეც სახელმწიფოს საჩუქრად გადაეცემა“, – ამბობს ეკატერინა ხვედელიძე.
როგორც მან განმარტა, ოჯახმა 1992 წლიდან გადაწყვიტა საკუთარი წვლილი შეეტანა საქართველოს საგანმანათლებლო სისტემაში.
„ეს დაკავშირებული იყო იმასთან, რომ ფინანსური შესაძლებლობა გაიზარდა, შესაბამისად, საშუალება გვქონდა, ბავშვები გაგვეგზავნა უცხოეთში სასწავლებლად, მაგრამ რომ ვნახეთ, სტუდენტების სწავლა უცხოეთში არ აღმოჩნდა ისეთი ეფექტური, რისი მოლოდინიც გვქონდა, მიმართულება საგანმანათლებლო სისტემაში უკვე ცვლილებებისკენ შევცვალეთ. ეს გამოიხატებოდა იმაში, რომ დავიწყეთ სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლების დაფინანსება, სკოლებში ინფრასტრუქტურის შეცვლა, მათი ტექნიკური აღჭურვილობა, ყურადღება გადავიტანეთ უკვე არსებულ უმაღლეს და ზოგადსაგანმანათლებლო სისტემაზე“, – განაცხადა ეკატერინა ხვედელიძემ.
მისი თქმით, უმაღლესი ტექნოლოგიის უნივერსიტეტი დღეს ძალზედ აქტუალური და მნიშვნელოვანია.
როგორც ეკატერინა ხვედელიძემ აღნიშნა, იდეა ნელ-ნელა ყალიბდებოდა.
„დღეს, როდესაც უკვე სხვანაირ ეპოქაში გადავდივართ და უმაღლესი ტექნოლოგიები უკვე რეალურად შემოდის ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში და რეალურად ხდება, თუნდაც ხელოვნური ინტელექტის ინტეგრირება ჩვენს ცხოვრებაში, უმაღლესი ტექნოლოგიის უნივერსიტეტი დღეს ძალზედ აქტუალური და მნიშვნელოვანია. ეს კიდევ ერთხელ მიცემს შესაძლებლობას მშობლებს, ახალგაზრდებს, რომ შეაფასონ მომავალი, გადახედონ მომავლის პროფესიებს. ამავე დროს, ეს იქნება ახალი ფორმატის სწავლება, სადაც საგანმანათლებლო სისტემის ერთი ოჯახი შეიკვრება, ანუ, გაუსვლელად, მუდმივი ცხოვრების პირობებში ბავშვები ერთმანეთსაც უფრო დაუახლოვდებიან, განათლებაც უფრო იოლი და სახალისო იქნება და ეს იქნება მნიშვნელოვნად ახალი ფორმა სწავლების საქართველოს სივრცეში. რა თქმა უნდა, უცხოეთში ასეთი სწავლების ფორმა მრავლად არის, მაგრამ საქართველოსთვის ეს სიახლე იქნება“, – განაცხადა ეკატერინა ხვედელიძემ.
ამასთან მისი თქმით, ქუთაისის საუნივერსიტეტო ქალაქი ტერიტორიული თვალსაზრისითაც მიმზიდველია, დაახლოებით ერთ საათში-საათნახევარში არის შესაძლებელი მაგალითად, ზღვასთან მისვლა.
„ეს ძალიან მიმზიდველია ახალგაზრდებისთვის, დასვენებისთვის, სითბოთი გამოირჩევა და ამ თვალსაზრისით ტერიტორიულად, გეოგრაფიულად, ეკოლოგიურადაც მნიშვნელოვანი როლი აქვს“, – განაცხადა ეკატერინა ხვედელიძემ ინტერვიუში, რომელიც სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“„ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის“ გვერდზე გამოქვეყნდა.