ეკა შონია - რაც ამ დღეებში ხდება, არავისთვის არის სასიამოვნო, მაგრამ ჟურნალისტებისთვის გაუსაძლისი ვითარება იქმნება, რაღაც თავდაცვის მექანიზმი უნდა შევიმუშაოთ, ვიდრე კატასტროფამდე არ მივსულვართ
არ არსებობს კანონი, რომელიც ყველას მოსწონს, მაგრამ დემოკრატია ნიშნავს, რომ ისეთ კანონებს მიიღებენ, რომლებიც უმრავლესობას მოსწონს და უმცირესობას არ მოსწონს. სხვანაირად დემოკრატია არ მუშაობს, – ამის შესახებ საქართველოს პირველი არხის საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელი ეკა შონია სოციალურ ქსელში წერს.
ეკა შონიას თქმით, ის, რაც ამ დღეებში და, ზოგადად, ასეთ დაძაბულ პერიოდებში ხდება ხოლმე, არავისთვის არის სასიამოვნო, მაგრამ ჟურნალისტებისთვის სრულიად გაუსაძლისი ვითარება იქმნება.
„პოლიტიკოსებისგან, ექსპერტებისგან, თავად პარტიული ჟურნალისტებისგან მიმდინარეობს კარგად ორგანიზებული, ინდივიდუალური, ღია და ფარული(!) ბულინგი ჟურნალისტებზე და ხშირად ეს ფსიქოლოგიური ტერორი იარაღიან ტერორზე უარესიცაა. ჩვენ თვალწინ მიმდინარეობს ადამიანების მორალური განადგურება, რათა ისინი აიძულონ, მოვლენები ისე გააშუქონ, როგორც ცალკეულ ჯგუფებს აწყობთ.
ამაზრზენია ის კამპანია, რაც „იმედის“ ჟურნალისტების წინააღმდეგ არის მიმართული. არანაკლები კულუარული და ფარული ტერორი მიდის პირველი არხის ჟურნალისტების მიმართ. ყოველდღე განვიცდით ამ ბულინგს და ვინც ეს დაგეგმა, მან იცის, რომ ყველა ადამიანი ერთნაირად ვერ უძლებს ფსიქოლოგიურ ტერორს. სხვა დროს რომ ვითომ მედიას ქომაგობენ, ისინი დღეს ამ მორალურ კანიბალიზმს არ იმჩნევენ, ვითომ ვერ ხედავენ და პირიქით, ამ კამპანიებში მონაწილეობენ. დუმან საერთაშორისო ორგანიზაციებიც. და რას ვხედავთ, ბულინგის ავტორები და დამგეგმავები აღარ მალავენ აღტაცებას მათთვის მიუღებელი მოსაზრების ადამიანებზე ფიზიკური ძალადობის გამო, მედიაექსპერტობაზე პრეტენზიის მქონენი მოქნეულ მუშტს ასხამენ ხოტბას და ფიზიკურ ანგარიშსწორებას ახალისებენ.
ამ ვითარებაში, როდესაც ერთმა ნაწილმა ბულინგი პროფესიად და შემოსავლის წყაროდ გაიხადა, მათი გულმოწყალების იმედად ვერ დავრჩებით. სათითაოდ გაგვისწორდებიან ყველას, ვინც მათ დღის წესრიგს არ ვასრულებთ. რაღაც თავდაცვის მექანიზმი უნდა შევიმუშაოთ, ვიდრე კატასტროფამდე არ მივსულვართ“, – აღნიშნავს ეკა შონია.
როგორც ცნობილია, დღეს რუსთაველის გამზირის მიმდებარე ტერიტორიაზე აქციის მონაწილეები ტელეკომპანია „იმედის“ ჟურნალისტს, გიორგი აბაზაძეს თავს დაესხნენ.