ეკა სეფაშვილმა ოპოზიციას მიმართა - დიახ, არა რუსულ კანონს, ქართული პარლამენტი რუსულ კანონს არ მიიღებს, ეს კარგად შეიგნეთ და დაიმახსოვრეთ
„გამჭვირვალობის შესახებ კანონი“ ქართულია, დაიწერა საქართველოში და ემსახურება ქართულ სახელმწიფოს, – ამის შესახებ პარტია „ხალხის ძალის“ საერთაშორისო ურთიერთობების მდივანმა, დეპუტატმა ეკა სეფაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.
მისივე თქმით, რადიკალურ ოპოზიციას ყველაზე მეტად ეშინია იმის, რომ ხალხმა არ წაიკითხოს და არ გაიგოს „გამჭვირვალობის შესახებ კანონის“ შინაარსი, რადგან ინფორმირებული ხალხი მომავალ არჩევნებზე მათ მხარს აღარ დაუჭერს.
„არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსების მიზნობრიობის შედეგებს შეაფასებს ხალხი, როდესაც წაიკითხავს დეკლარაციაში არსებულ ინფორმაციას“, – აღნიშნა მან.
„მეორე დღეა, პარლამენტში ინტენსიური დებატები იმართება „გამჭვირვალობის კანონის“ შესახებ, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაციების ფინანსური წყაროების დეკლარირებას ემსახურება და ქვეყნის უსაფრთხოების დაცვა უნდა უზრუნველყოს. ამ ორი დღის განმავლობაში არ მოგვისმენია არცერთი არგუმენტი და ფაქტი, რატომ არ უნდა მივიღოთ ეს კანონი. ერთადერთი, რაც გვესმის, ეს არის დეზინფორმაცია, ტყუილზე დაფუძნებული მანიპულაცია ან ზღვარს გადასული დემაგოგია. ორი დღეა, ინტენსიურად ისმის „არა რუსულ კანონს“. დიახ, არა რუსულ კანონს. ქართული პარლამენტი რუსულ კანონს არ მიიღებს. ეს კარგად შეიგნეთ და დაიმახსოვრეთ.
ბოლოსდაბოლოს, წაიკითხეთ ქართული კანონი გამჭვირვალობის შესახებ და გაიაზრეთ, რა წერია. გიჭირავთ ხელში რუსული კანონი, რომელიც 27 გვერდია, არც წაკითხვა გეზარებათ, არც დაზეპირება და ამონაწერებსაც აკეთებთ. რას კითხულობთ ამ რუსულ კანონს? წაიკითხეთ ევროდირექტივა, თუ მაინცდამაინც ვინმეს შედარებისთვის გინდათ. რუსული კანონის გარდა, არაფერს კითხულობთ? მე არ წამიკითხავს ეგ თქვენი რუსული კანონი და არც წავიკითხავ, არ მაინტერესებს, თქვენგან განსხვავებით. ყველაფერი რუსული თქვენ მოგწონთ და მთელი თქვენი მოღვაწეობის განმავლობაში რუსულ საქმეს აკეთებთ.
ერთი წელია, უკვე მოუწოდებთ ყველას, არ წაიკითხოთ ქართული კანონი, არ შეხვიდეთ შინაარსშიო. რატომ გეშინიათ ასე ამ კანონის შინაარსის გაგების? მე გეტყვით, რატომაც გეშინიათ. იმიტომ, რომ როდესაც შინაარს გაიგებს ხალხი, მიხვდება, რომ სწორედაც ჩვენი კანონი ემსახურება ხალხის ინტერესების დაცვას და არაფერი აკავშირებს თქვენს მოგონილ დემაგოგიასთან და ილუზიებთან.
გეშინიათ, რომ ხალხი გაიგებს სიმართლეს და სამართლიანად გეშინიათ, რადგან როცა ეს მოხდება, აღარ გეყოლებათ მხარდამჭერები. თავისი შინაარსით ჩვენი კანონი არის სავსებით ნეიტრალური. არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსების მიზნობრიობის შედეგებს შეაფასებს ხალხი, როდესაც წაიკითხავს დეკლარაციაში არსებულ ინფორმაციას. თქვენ სწორედ ამ ინფორმირებული ხალხის გეშინიათ. გეშინიათ, რომ ინფორმირებული ხალხი არჩევნებზე მხარს არ დაგიჭერთ და ახლა რომ 12%-ანი რეიტინგი გაქვთ, ამასაც ვერ შეინარჩუნებთ ოქტომბერში დაგეგმილ არჩევნებისთვის.
რაც შეეხება მოწოდებებს, რატომ არ ვიზიარებთ ჩვენი უცხოელი პარტნიორების მოსაზრებებს, რომლებიც გვეუბნებიან, რომ არ უნდა მივიღოთ ქართული კანონი, ამის პასუხად ბატონმა პრემიერმა შესთავაზა ელჩებს და ყველა დაინტერესებულ უცხოელ პარტნიორს ღია დებატები, რომ საჯაროდ და ყველას გასაგონად მოვისმინოთ ის შეშფოთება, რაც მართლა აწუხებს ჩვენს პარტნიორებს და ასევე ყველამ მოისმინოს ჩვენი მხარის პასუხები, თუ რა დგას ამ გამჭვირვალობის შესახებ კანონის უკან, რომელიც ქართულია, დაიწერა საქართველოში და ემსახურება ქართულ სახელმწიფოს“, – განაცხადა ეკა სეფაშვილმა.