ეკა სეფაშვილი - უმრავლესობის მხრიდან ყველაფერი შესრულებულია, პროცესი ივნისის ბოლოს სრულად დასრულდება, ახლა ევროკავშირის მოედანზეა ბურთი, მე პოზიტიურად ვარ განწყობილი
მოძრაობა „ხალხის ძალის“ წევრის, ეკა სეფაშვილის განცხადებით, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით, როგორც წინა ჯერზე, პოლიტიკური გადაწყვეტილება იქნება მიღებული.
ეკა სეფაშვილის თქმით, რეკომენდაციების კუთხით უმრავლესობის მხრიდან შესრულებულია ყველაფერი, რაც მასზე იყო დამოკიდებული და მოლოდინი პოზიტიურია.
„კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით ერთი მომენტი ცალსახაა – ეს იქნება პოლიტიკური გადაწყვეტილება. ისევე როგორც ერთი წლის წინ იყო, წლის ბოლოსაც პოლიტიკური გადაწყვეტილება იქნება. დადებითად და პოზიტიურად ვარ განწყობილი, იქიდან გამომდინარე, რომ როგორც საქართველოს სჭირდება ევროკავშირში ინტეგრაცია, სწორედ იმ დოზით და იმ ხარისხში ევროპასაც სჭირდება საქართველო თავის რიგებში. განცხადებები რომ გვერდით გადავდოთ და ამ პროცესებს დავაკვირდეთ, ცალსახაა, რომ სწორედ 12 რეკომენდაციის შესრულებისას, და არამარტო, ასევე ასოცირების დღის წესრიგით გათვალისწინებული მთელი რიგი ცვლილებებისა და რეფორმების განხორციელების პროცესში ოპოზიცია არ მონაწილეობს ან მონაწილეობს მიზერულ დონეზე. ფაქტი ერთია, რომ ჩვენი, უმრავლესობის მხრიდან, აღმასრულებელი ხელისუფლების მხრიდან შესრულებულია ყველაფერი, რაც უნდა შეგვესრულებინა. ეს პროცესი ივნისის ბოლოს სრულად დასრულდება და ახლა ევროკავშირის მოედანზეა ბურთი. სწორედ მათ უნდა თქვან თავიანთი გადამწყვეტი სიტყვა და მიიღონ პოლიტიკური გადაწყვეტილება, რაც ამ ეტაპისთვის, როგორც ვრწმუნდებით, ევროკავშირის მაღალი ოფიციალური პირების თუ ევროკავშირის დედაქალაქებიდან წამოსული გზავნილების საშუალებით, მათი მოლოდინიც არის პოზიტიური და ისინი დადებითად აფასებენ საქართველოს პროგრესს“, – განაცხადა ეკა სეფაშვილმა.