ეკა სეფაშვილი - „სირცხვილიამ“ გააცნობიერა, რომ კანონი მიზნად არ ისახავს საქმიანობაში ხელის შეშლას და დარეგისტრირდა, აქტიურად მოქმედი ორგანიზაციების მეოთხედიც უკვე დარეგისტრირებულია
„სირცხვილიამ“, როგორც იქნა, წაიკითხა კანონი, რომ ის მიზნად არ ისახავს საქმიანობისთვის ხელის შეშლას და დარეგისტრირდა. იმედი მაქვს, სხვა ორგანიზაციებიც დარეგისტრირდებიან და არ განაგრძობენ საქართველოს წინააღმდეგ აბსურდული ქმედებების განხორციელებას, – ამის შესახებ პარტია „ხალხის ძალის“ საერთაშორისო ურთიერთობათა მდივანმა, ეკა სეფაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, რეგისტრაციის ბოლო ვადა 2 სექტემბერია და ამ დროისთვის აქტიურად მოქმედი ორგანიზაციების მეოთხედი უკვე დარეგისტრირებულია.
„გამჭვირვალობის შესახებ კანონში რეგისტრაციის ბოლო ვადაა 2 სექტემბერი. მისასალმებელია, რომ ორგანიზაციები დარეგისტრირდნენ. აქტიურად მოქმედი ორგანიზაციების მეოთხედი უკვე დარეგისტრირებულია და ორშაბათისთვის კიდევ უფრო მეტი დარეგისტრირდება. ასევე, მისასალმებელია, რომ „სირცხვილიამ“, როგორც იქნა, წაიკითხა კანონი, რომ კანონი მიზნად არ ისახავს საქმიანობისთვის ხელის შეშლას და დარეგისტრირდა. იმედი მაქვს, სხვა ორგანიზაციებიც დარეგისტრირდებიან და არ განაგრძობენ საქართველოს წინააღმდეგ აბსურდული ქმედებების განხორციელებას შემდგომშიც“, – განაცხადა ეკა სეფაშვილმა.
მისი თქმით, თავიანთი პროტესტით ორგანიზაციები ცდილობდნენ საზოგადოების შეცდომაში შეყვანას და რევოლუციური მუხტის შექმნას.
„კანონში თავიდანვე გარკვევით ეწერა, რომ დაურეგისტრირებლობის შემთხვევაში ჯარიმა იყო გადასახდელი და იუსტიციის სამინისტრო მაინც დაარეგისტრირებდა. როგორც ჩანს, კარგად წაიკითხეს კანონი და კარგად გააცნობიერეს, რომ ჯარიმის გადახდის თანხვედრილად რეგისტრირება მაინც მოუწევდათ. ასე რომ, ეს არის ამ კანონის აღსრულების პირველი ეტაპი, რაც გულისხმობს მხოლოდ და მხოლოდ დარეგისტრირებას, ხოლო დამფინანსებლების და მათი საქმიანობის ავკარგიანობის შესახებ ქართველი ხალხი იმსჯელებს 26 ოქტომბრის არჩევნებზე“, – განაცხადა ეკა სეფაშვილმა.
მისი თქმით, გარკვეული არასამთავრობო ორგანიზაციები და პიროვნებები მოძრაობა „სირცხვილიას“ რომ აბულინგებენ, ეს ამ ეტაპზე მათ სასოწარკვეთას მოწმობს.
„გრძნობენ თავიანთ მოახლოებულ აღსასრულს იმ ფაქტიდან გამომდინარე, რომ მავნებლურ საქმიანობას საზოგადოებისგან მალულად ვეღარ განახორციელებენ. რა თქმა უნდა, ისინი ყველა ორგანიზაციის დაბულინგებას შეეცდებიან, ვინც დარეგისტრირდა და კანონის მოთხოვნებს დაემორჩილა, თუმცა ეს შედეგს არ მოიტანს, ეს მხოლოდ გამოიწვევს ზიზღისა და სიძულვილის ენის გავრცელებას საზოგადოებაში და კიდევ ერთხელ მიმართული იქნება სახელმწიფოსა და ქართველი ხალხის ინტერესების წინააღმდეგ“, – განაცხადა ეკა სეფაშვილმა.