ეკა სეფაშვილი - საქართველოს უწევს ოკუპაციის გამოწვევებთან გამკლავება და ამ დროს პარტნიორი ქვეყნისგან წვრთნების შეჩერება მხოლოდ იმას ნიშნავს, რომ მას ქვეყნის ინტერესების შელახვა აქვს გამიზნული
საქართველოს უწევს ოკუპაციის გამოწვევებთან გამკლავება და ამ დროს პარტნიორი ქვეყნისგან წვრთნების შეჩერება მხოლოდ იმას ნიშნავს, რომ ქვეყნის ინტერესების შელახვა აქვს გამიზნული, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრმა, ეკა სეფაშვილმა განაცხადა.
როგორც სეფაშვილმა აღნიშნა, პარტნიორობა თანაბარუფლებიანობის პრინციპს უნდა ეფუძნებოდეს.
ამასთან, ეკა სეფაშვილის თქმით, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის საქართველოში ვიზიტი ადასტურებს, რომ საქართველო ამერიკისთვის მნიშვნელოვანი პარტნიორია.
„დავეთანხმები პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის მოსაზრებას იმასთან დაკავშირებით, რომ ნამდვილად გაუგებრობაა ევროკავშირის გადაწყვეტილება დაფინანსებასთან დაკავშირებით. გადატვირთვას რაც შეეხება, იგულისხმება ის, რომ დადებითი ელფერი შეიძინოს ჩვენმა პარტნიორობამ, იყოს თანასწორობის გამომხატველი და არა – ვასალური დამოკიდებულების. პარტნიორობის შესაფერისი არაა პრინციპი – ჩვენ ვიტყვით და თქვენ უნდა შეასრულოთ და არც ის ყალბი ნარატივი, რომელსაც ხშირად აჟღერებენ ამერიკელი მაღალჩინოსნები. ამ ფონზე ძალიან მნიშვნელოვნად მიმაჩნია სახელმწიფო მდივნის მოადგილის ვიზიტი საქართველოში, რადგან ამით დასტურდება, რომ საქართველო მათთვის მნიშვნელოვანი პარტნიორია. ჩვენი მხრიდან შემიძლია დავამატო, რომ საქართველო ნამდვილად ერთ-ერთი საიმედო, სანდო პარტნიორია რეგიონში და ორი ქვეყნის გრძელვადიან სტრატეგიულ პარტნიორობას ალტერნატივა არ აქვს. იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენ ასეთი სამწუხარო ფაქტის წინაშე აღმოვჩნდით, როცა საუბარია თავდაცვის ხარჯების შემცირებაზე, ვფიქრობ, ეს მხოლოდ და მხოლოდ ჩვენი მტრების წისქვილზე ასხამს წყალს, პირველ რიგში, ვგულისხმობ რუსეთის ფედერაციას. წარმოიდგინეთ, საქართველოს უწევს ოკუპაციის გამოწვევებთან გამკლავება და ამ დროს, როდესაც პარტნიორი ქვეყანა აჩერებს წვრთნებს ქვეყანაში, ეს მხოლოდ და მხოლოდ იმას ნიშნავს, რომ მას ქვეყნის ინტერესების შელახვა აქვს გამიზნული“, – განაცხადა ეკა სეფაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას.