ეკა სეფაშვილი - საქართველომ შეძლო, ღირსების, მშვიდობის, სტაბილურობის შენარჩუნებით და საკუთარი მოქალაქეების ინტერესების დაცვით მიეღო ეს სტატუსი
ყველას გილოცავთ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღებას. ნამდვილად ისტორიული დღეა“, – ასე გამოეხმაურა „ხალხის ძალის“ წევრი ეკა სეფაშვილი მედიასთან ევროკომისიის მიერ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების რეკომენდაციის გაცემას.
მისი თქმით, ამ სტატუსს იმსახურებს ქართველი ხალხი, რომელმაც აირჩია სწორედ ეს ხელისუფლება, რომლის ძალისხმევით მოხდა იმ რეფორმების განხორციელება და იმ გზის არჩევა, რომელსაც დღეს საქართველო ადგას.
„ყველას გილოცავთ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღებას. ნამდვილად ისტორიული დღეა. საქართველომ შეძლო ღირსების, მშვიდობის, სტაბილურობის შენარჩუნებით და საკუთარი მოქალაქეების ინტერესების დაცვით მიეღო ეს სტატუსი. ჩვენ, რა თქმა უნდა, მომავალშიც გავაგრძელებთ რეფორმებს, რადგან ეს რეფორმები, დემოკრატიული ინსტიტუტების, სამართლიანობის განმტკიცება, კანონის უზენაესობა – ეს, პირველ რიგში, არის ის ღირებულებები და ფასეულობები, რომელსაც ამდენი წლის განმავლობაში ხმას აძლევს ქართველი ხალხი და სწორედ ამის მიზეზით არის ხელისუფლებაში „ქართული ოცნება“. ეს ის ხელისუფლებაა, რომელმაც შეძლო ამ რეფორმების განხორციელება იმგვარად, რომ ჩვენ დაგვემსახურებინა ეს სტატუსი და არ შელახულიყო ჩვენი ღირსება და ხალხის ინტერესები.
ჩვენ არაერთხელ ვიხილეთ ევროპარლამენტარების მხრიდან არასწორი გამონათქვამები და ის ნეგატიური გზავნილები, რაც მათი მხრიდან ისმოდა. ახლაც ძალიან ბევრჯერ გაისმა, რომ ქართველი ხალხი იმსახურებს სტატუსს და არა საქართველოს ხელისუფლება. ესეც ძალიან არასწორი განცხადებაა. დიახ, ამ სტატუსს იმსახურებს ქართველი ხალხი, რომელმაც აირჩია სწორედ ეს ხელისუფლება, რომლის ძალისხმევით მოხდა იმ რეფორმების განხორციელება და იმ გზის არჩევა, რომელსაც დღეს საქართველო ადგას. ეს არის დღეს მშვიდობის, სტაბილურობისა და უსაფრთხოების შენარჩუნება ქვეყანაში“, – განაცხადა სეფაშვილმა.
ევროკომისიამ რეკომენდაციით მიმართა ევროპულ საბჭოს, საქართველოს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიენიჭოს. ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლაიენისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისრის, ოლივერ ვარჰეის ერთობლივ ბრიფინგზე გახდა ცნობილი.