ეკა სეფაშვილი - სანქცირებულ ქვეყანას არავინ მიიღებს ევროკავშირში და არც სტატუსს მისცემს, სწორედ ამას ცდილობენ „გლობალური ომის პარტიის“ მომხრენი და მათი დამქაშები
ეკა სეფაშვილი - სანქცირებულ ქვეყანას არავინ მიიღებს ევროკავშირში და არც სტატუსს მისცემს, სწორედ ამას ცდილობენ „გლობალური ომის პარტიის“ მომხრენი და მათი დამქაშები

სანქცირებულ ქვეყანას არავინ მიიღებს ევროკავშირში და არც სტატუსს მისცემს. სწორედ ამას ცდილობენ „გლობალური ომის პარტიის“ მომხრენი და მათი დამქაშები, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრმა, ეკა სეფაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, მათ სურთ, ქვეყანამ სტატუსი ვერ მიიღოს, რათა შემდეგ ეს არეულობის მიზეზი გახდეს.

„გახსოვთ, აშშ-ის იუსტიციის ვებგვერდზე, FARA-ს კანონის მიხედვით, რომელიც ოპოზიციამ რუსულ კანონად მონათლა, გამოქვეყნებული ანგარიშით გავიგეთ, რომ სააკაშვილის ოჯახი აფინანსებს ლობისტებს, რათა საქართველოს დაუწესდეს სანქცია. სანქცირების თემა შეგვიძლია, განვიხილოთ, როგორც ერთი დიდი თემა. ჯერ ერთი, სანქცირებულ ქვეყანას არავინ მიიღებს ევროკავშირში და არც სტატუსს მისცემს. სწორედ ამას ცდილობენ „გლობალური ომის პარტიის“ მომხრენი და მათი დამქაშები, რომ საქართველომ არ მიიღოს სტატუსი და ეს ქვეყანაში არეულობის მიზეზი გახდეს; მეორე – თუ ამას ვერ მოახერხებენ, მაშინ პატარ-პატარა სანქციებით, ჯერ მოსამართლეებისთვის სავიზო რეჟიმის შეზღუდვით, ახლა ფარცხალაძის საკითხის გამოყენებით მიაღწიონ საწადელს. გვარებს არ აქვს მნიშვნელობა, მთავარია, სანქცირების ყველანაირი ბერკეტი გამოეცადათ. არგუმენტები თითიდანაა გამოწოვილი. ეს კაცი არც ტელევიზიას ფლობს, არც რაიმე მედიასაშუალებას, არც რაიმე მნიშვნელოვან ხელმოსაჭიდს აქვეყნებენ მის წინააღმდეგ და არც ამ მიმართულებით ხორციელდება რაიმე ქმედება“, – განაცხადა ეკა სეფაშვილმა.

როგორც სეფაშვილმა აღნიშნა, ეროვნულმა ბანკმა უდანაშაულობის პრეზუმფციის დაცვის მიზნით მიიღო დადგენილება, რასაც რადიკალური ოპოზიციას მხრიდან სრული ისტერია მოჰყვა.

„არის ისტერია იმისა, რომ არ დავიცვათ ჩვენი სახელმწიფო, კონსტიტუცია და უდანაშაულობის პრეზუმფცია. სწორედ უდანაშაულობის პრეზუმფციის დაცვის მიზნით მიიღო ეროვნულმა ბანკმა ეს დადგენილება. ეროვნული ბანკი თავის დროზე, ომის დაწყების პირველივე ეტაპზე შეუერთდა საერთაშორისო სანქციებს და უკან არ დაუხევია. მაგალითად, იყო „ვითიბი ბანკი“, რომელიც ერთ შაბათ-კვირას დაიხურა ისე, რომ მომხმარებელი არ დაზარალებულა. როდესაც პირველად დადგა მომენტი, როცა სანქციები შეეხო საქართველოს მოქალაქეს და აღმოჩნდა, რომ ეს ეწინააღმდეგებოდა საქართველოს კონსტიტუციას, მაშინვე, ვისაც ქვეყნის მომავალი აღელვებს, ქვეყნის მომავალი ადარდებს, ვისაც უნდა, რომ საქართველო იყოს ევროპული სახელმწიფო, ყველამ ერთნაირად წაიკითხა კონსტიტუცია. არავინ უარყოფს, რომ სანქციები უნდა გავრცელდეს ყველაზე, ვინც დამნაშავეა, ვინც სანქციების არეალში ექცევა შესაბამისი ქმედებების გამო, მაგრამ ეს დადასტურებული უნდა იყოს კანონმდებლობის თანახმად, რაც მხოლოდ საქართველოს კონსტიტუციის „ნოუ ჰაუ“ არ არის, ესაა ევროპული და საერთაშორისო სამართლის ნაწილი. ევროპული სახელმწიფოს ჩამოყალიბება თუ გვინდა, შესაბამისად უნდა მოვიქცეთ, როგორც ეკადრება ევროპულ სახელმწიფოს, თუმცა, რას ვხედავთ? ყოველი მცდელობა, როდესაც ჩვენ ვზრუნავთ, დავიცვათ საქართველოს მოქალაქის უდანაშაულობის პრეზუმფცია, პრეზიდენტის მხრიდან კონსტიტუციის დარღვევაზე მოვახდინოთ რეაგირება სამართლებრივად თუ პოლიტიკურად, როდესაც ვცდილობთ სახელმწიფოს აღმშენებლობა მოხდეს ევროპული სტანდარტების შესაბამისად, იწყება „გლობალური ომის პარტიის“ და „ღალატის პარტიის“ წარმომადგენლების სრული ისტერია, არ ვაშენოთ ჩვენი სახელმწიფო. ამ სურათს ვხედავთ, ესაა ძირითადი პრობლემა. ცდილობენ, ტყუილი აღქმებით, მანიპულაციური დასკვნებით, დემაგოგიური პროპაგანდით შეიყვანონ საზოგადოება შეცდომაში, თუმცა ეს არის მხოლოდ მცდელობა“ – განაცხადა ეკა სეფაშვილმა.

ამასთან, ეკა სეფაშვილის შეფასებით, პარლამენტში და მის ფარგლებს გარეთ ბოლო დღეებში განვითარებული პროცესები დაგეგმილი მოვლენების ჯაჭვია.

„ეს არის დაგეგმილი მოვლენების ჯაჭვი, რომელიც ერთიან სცენარში ზის. ჩვენ დიდი ხანია, ვაფრთხილებთ საზოგადოებას ამ კოორდინირებული ქმედების შესახებ, რომლის უკანაც დგას „გლობალური ომის პარტია“ და რომელსაც ჰყავს აგენტურის კარგად შემუშავებული ქსელი რადიკალური ოპოზიციის და, ხშირ შემთხვევაში, სხვადასხვა ინსტიტუციაში ჩანერგილი მათი წარმომადგენლების სახით, რომლებიც მათ დავალებებსა და ბრძანებებს უსიტყვოდ ასრულებენ“, – განაცხადა ეკა სეფაშვილმა.