ეკა სეფაშვილი - როგორც ჩანს, არასამთავრობოებს დასავლელმა პარტნიორებმა თავიდანვე მისცეს გარანტიები, რომ ომის შემთხვევაში ჯავშანი ექნებოდათ და არავინ შეეხებოდათ
უკრაინელი ხალხი დასავლეთს არაფერში აინტერესებს. მათ ზრახვებს ვინც ახორციელებს, იგივე „ენჯეოებს“, რომლებიც დასავლეთის ინტერესებს ატარებენ, ჰპირდებიან ჯავშანს, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ საერთაშორისო მდივანმა, ეკა სეფაშვილმა, უკრაინაში მობილიზაციის ახალ წესის შესახებ საუბრისას აღნიშნა.
როგორც სეფაშვილმა განაცხადა, ქართულმა არასამთავრობო სექტორმა, როგორც ჩანს, მსგავსი გარანტიები თავადაც მიიღო, როცა აქტიურად ითხოვდა ქვეყნის ხელისუფლებისგან უკრაინელებისათვის თანადგომა საომარ მოქმედებებში ჩართვით, რუსეთისათვის სანქციების დაწესებით და სხვა რადიკალური ფორმებით გამოეხატათ.
„უკრაინას არ აქვს ძალა ამ ეტაპზე რამე შეცვალოს, რადგან სამი ოპოზიციური ტელევიზია დახურეს და ოპოზიცია ფაქტობრივად აღარ არსებობს, არჩევნები არ არსებობს და ამ ეტაპზე დემონსტრაციების მოწყობის შესაძლებლობაც ნაკლებად აქვთ. აქედან ჩანს, რომ უკრაინელი ხალხი დასავლეთს არაფერში აინტერესებს. მათ ზრახვებს ვინც ახორციელებს, იგივე „ენჯეოებს“, რომლებიც დასავლეთის ინტერესებს ატარებენ, ჰპირდებიან ჯავშანს. აქ მახსენდება ნინო ლომჯარიას ნათქვამი, მირჩევნია ბომბების წვიმა, ვიდრე სირცხვილით დავიწვაო. ეს მაშინ თქვა, როცა ჩვენმა მაშინდელმა პრემიერ-მინისტრმა ორმხრივი სანქციები არ დაუწესა რუსეთს, ამ კონკრეტულ შემთხვევაში მთელი ევროკავშირი ვაჭრობს რუსეთთან და გამალებული ვაჭრობის ფონზე სავაჭრო ბრუნვის მაჩვენებელი გაზრდილია კიდეც, მაშინ ჩვენ არ ვიცოდით, მაგრამ ახლა ნათლად გამოჩნდა, თურმე რაში ყოფილა საქმე, როგორც ჩანს, ნინო ლომჯარიას და მთელ არასამთავრობო სექტორს მაშინაც ჰქონდა გარანტიები, რომ ომი მათ არ შეეხებოდათ. წარმოიდგინეთ, რა დონის არაჰუმანურები და მორალისგან დაცლილები არიან, რომ ფიქრობენ მხოლოდ თავად იყვნენ კარგად და სხვებს რა მოუვათ არ აინტერესებთ, არ აწუხებთ როგორ იქნებიან ადამიანები და არც სამშობლო ადარდებთ“, – განაცხადა ეკა სეფაშვილმა.
მან ისიც განმარტა, რას გულისხმობდნენ სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, როცა საუბრობდნენ შესაძლებლობების ფანჯრის გახსნაზე და გეოსტრატეგიული სარტყლის შექმნაზე. სეფაშვილის თქმით, ეს ყველაფერი მიმართული იყო საქართველოს ომში ჩართვისკენ.
„რა თქმა უნდა, ომში ჩართვისკენ იყო ეს მოწოდებები და ამაში უკრაინელი მაღალჩინოსნებიც აქტიურად იყვნენ ჩართულები, რასაც ხელს უწყობდა არასამთავრობო სექტორიც. როგორც ჩანს, არასამთავრობოებს [დასავლელმა პარტნიორებმა] თავიდანვე მისცეს ეს გარანტიები, რომ ჯავშანი ექნებოდათ და მათ არავინ შეეხებოდათ. ამ ფონზე წარმოიდგინეთ, რომ ასეთ არასამთავრობოებს გადაურიცხეს ფული ჩვენმა ევროპელმა პარტნიორებმა და მოაკლეს საქართველოს თავდაცვის ძალებს, რომლებიც დგანან ოკუპაციის გამოწვევების წინაშე. ქართულ ჯარს ამით არაფერი დაჰკლებია, რადგან ბიუჯეტიდან 100 მილიონი ლარის მათ ანგარიშზე ჩარიცხვა განხორციელდება, მაგრამ არც წვრთნების ჩატარება და არც თანხა, ზედმეტი არ იქნებოდა. უბრალოდ, წარმოიდგინეთ დასავლეთი როგორ გვაშანტაჟებს – ჯარს, ქვეყანას, ხალხს სჯის. ამ ხალხში ის ოპოზიციაც ხომ შედის. ოღონდ, ვფიქრობ, რომ ამ ამბების შემდეგ მათი მხარდამჭერების რაოდენობა კიდევ უფრო შემცირდება. 2020 წლიდან თვალს ვადევნებ რეიტინგებს და ოპოზიციის მხარდამჭერთა რაოდენობა თანდათან იკლებს, რადგან მთელი ამ წლების განმავლობაში ოპოზიცია ყოველ წუთას, ყოველ ჯერზე ატყუებს თავის ამომრჩეველს“, – განაცხადა ეკა სეფაშვილმა.