ეკა სეფაშვილი - რეზოლუცია საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებს ჩრდილს ვერ მიაყენებს, არ მოხდება ურთიერთობების და ვიზალიბერალიზაციის გადახედვა, რომელიც საქართველომ დამსახურებულად მიიღო
რეზოლუცია საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებს ჩრდილს ვერ მიაყენებს, ევროკომისია მას არ გაითვალისწინებს და არ მოხდება არც ევროკავშირთან ურთიერთობების გადახედვა და, მით უმეტეს, არც ვიზალიბერალიზაციის, რომელიც საქართველომ დამსახურებულად მიიღო.
მისი თქმით, ეს ევროპარლამენტარების გარკვეული ჯგუფის სურვილია, რომელიც დღეს არ გასჩენიათ, მათ სურვილი ჰქონდათ, საქართველოს ვერ მოეღწია სტატუსისათვის, საქართველოს მოქალაქეები, მათ შორის, ბიძინა ივანიშვილი დასანქცირებულიყო.
ამის შესახებ პარტია „ხალხის ძალის“ საერთაშორისო ურთიერთობების მდივანმა, ეკა სეფაშვილმა განაცხადა.
„ევროპარლამენტის მხრიდან უსამართლო, დეზინფორმაციაზე დამყარებული რეზოლუციების მიღება უცხო არ არის. მათი რეპუტაციის ეს კიდევ ერთი სირცხვილის ლაქაა და თუ გავითვალისწინებთ, ნიკა გვარამია, გიული ალასანია იყვნენ ჩასული, ძალიან ადვილად შეგვიძლია, წარმოვიდგინოთ, რეზოლუციის უკან რა დონის დაფინანსება და ლობიზმია, თუ გავიხსენებთ ახლო წარსულის გამოცდილებას, როდესაც „ფარას“ დოკუმენტებიდან შევიტყვეთ, როგორ ლობირებდა მესამე პრეზიდენტის ოჯახი, მილიონობით დოლარით, საქართველოს იმიჯის შელახვას. ახლაც, როგორც ჩანს, მსგავსი სიტუაციაა. გვახსოვს, „კატარგეითის“ ქეისი, სადაც კორუფციული გარიგებები გამჟღავნდა, არ გამოვრიცხავ, მსგავსი ტიპის კორუფციულ გარიგებას ჰქონდეს ადგილი“, – განაცხადა ეკა სეფაშვილმა.
მისი თქმით, საქართველოს მიმართ ამ მტრულ დამოკიდებულებას დიდი გაგრძელება არ უწერია და საქართველო 2030 წელს აუცილებლად გახდება ევროკავშირის წევრი ქვეყანა.
“რეზოლუცია საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებს ჩრდილს ვერ მიაყენებს. ევროკომისია მას არ გაითვალისწინებს და არ მოხდება არც ჩვენი ურთიერთობების გადახედვა ევროკავშირთან და, მით უმეტეს, არც ვიზალიბერალიზაციის გადახედვა, რომელიც საქართველომ სრულიად დამსახურებულად მიიღო. ეს ევროპარლამენტარების გარკვეული ჯგუფის სურვილია, რომელიც დღეს არ გასჩენიათ. სურვილი ჰქონდათ, საქართველოს ვერ მოეღწია სტატუსისათვის, საქართველოს მოქალაქეები, მათ შორის, ბიძინა ივანიშვილი დასანქცირებულიყო, საქართველოს მიმართ ამ მტრულ დამოკიდებულებას დიდი გაგრძელება არ უწერია და საქართველო 2030 წელს აუცილებლად გახდება ევროკავშირის წევრი ქვეყანა“, – განაცხადა ეკა სეფაშვილმა.