ეკა სეფაშვილი - „ქართული ოცნება“ იმიტომაც არის ხელისუფლებაში, რომ ზუსტად ახმოვანებს ხალხის მისწრაფებებსა და სურვილებს
გუშინდელი აქციის მთავარი გზავნილი იყო არა ომს და რომ ქვეყანას უნდა მშვიდობა, ოპოზიციის ზოგიერთი წარმომადგენლის მტკიცება, რომ ეს ემთხვეოდა „ქართული ოცნების“ ნარატივს, აბსურდული ბრალდებაა, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრმა, ეკა სეფაშვილმა რესპუბლიკის მოედანზე გუშინდელ აქციაზე საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, „ქართული ოცნება“ და უმრავლესობა სწორედ იმიტომაც არის ხელისუფლებაში, რომ ზუსტად ახმოვანებენ ხალხის მისწრაფებებსა და სურვილებს.
„დღევანდელი ხელისუფლება ხალხის მიერ დაკვეთილ ამოცანებს ასრულებს და სწორედ ამიტომ არის ხელისუფლებაში, ხალხი ამიტომ აკეთებს არჩევანს „ქართული ოცნების“ სასარგებლოდ. რაც შეეხება იმას, რომ საზოგადოება „ნაციონალური მოძრაობის“ გასამართლებას ითხოვს. საზოგადოებაში შექმნილია განწყობა, რომელიც გამოიწვია „ნაციონალური მოძრაობისა“ და მასთან მიტმასნილი სხვადასხვა პოლიტიკური პარტიის იმ სურვილმა, რომ ხალხში შეიტანონ აგრესია, შფოთი და ხელისუფლებას დააპირისპირონ. როგორც აღმოჩნდა და როგორც ყველა დარწმუნდა ქვეყნის შიგნით თუ გარეთ, ეს ჩვენი საზოგადოების დაკვეთა არ არის და საზოგადოებას ქვეყანაში სურს მშვიდობა“, – განაცხადა ეკა სეფაშვილმა.
გუშინ თბილისში, პირველი რესპუბლიკის მოედანზე აქცია გაიმართა, სახელწოდებით – „მოვდივარ!“ სამოქალაქო აქტივისტების მიერ ორგანიზებული შეკრების მთავარი სლოგანი იყო – „არა ომს!“ „მშვიდობა ჩვენს ქვეყანას“. აქციის დასასრულს აქციის მონაწილეებს რეზიუმეს სახით წერილი გააცნეს. როგორც აღინიშნა, წერილში არის გზავნილები, ჩამოყალიბებულია პოზიციები, რის გამოც აქციაზე შეიკრიბნენ.