ეკა სეფაშვილი - პარტია „საქართველოსთვის“ მხრიდან ჩვენი კანონპროექტების შეფასება სპეკულაცია და დეზინფორმაციაა
პარტია „საქართველოსთვის“ მხრიდან ჩვენი კანონპროექტების შეფასება სპეკულაცია და დეზინფორმაციაა, რომელიც მიზნად საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ისახავს, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრმა, ეკა სეფაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, „ხალხის ძალის“ კანონპროექტის მიზანია საზოგადოების ინფორმირებულობა.
„დაუშვებელია რომელიმე ქვეყნის ასე გამოყოფა. ამ შემთხვევაში რუსეთის, არა იმიტომ, რომ ჩვენ რუსეთის მიმართ რაიმე განსაკუთრებული სენტიმენტები გვაქვს. რუსეთი ოკუპანტია და, რა თქმა უნდა, მისი გავლენებისგან თავი უნდა დავიცვათ, მაგრამ ჩვენი კანონპროექტი ეხება ყველა ნეგატიური გავლენებისგან დაცვას ანუ გლობალური საფრთხეებისგან დაცვას და ჩვენ კანონებს გეოგრაფიის მიხედვით ვერ დავწერთ. ეს კანონპროექტი ისახავს არა მარტო ოკუპანტი ქვეყნისგან თუ რაიმე ნეგატიური გავლენისაგან თავდაცვას, არამედ ეს არის მიმართული, პირველ რიგში, საზოგადოების ინფორმირებულობისაკენ, რათა საზოგადოებამ თვითონ გადაეწყვიტოს, ვინ არის ჩვენი ქვეყნის მეგობარი და ვინ – ჩვენი ქვეყნის მტერი“, – განაცხადა სეფაშვილმა.
პარტია „საქართველოსთვის“ აინიცირებს პროექტს სახელწოდებით „ოკუპანტი ქვეყნის – რუსეთის ფედერაციის გავლენისგან დაცვის შესახებ“.