ეკა სეფაშვილი - ოპოზიციამ შუალედურ არჩევნებში მხოლოდ იმიტომ არ მიიღო მონაწილეობა, რომ არ სურდათ, მწარე რეალობის წინაშე დამდგარიყვნენ, სიმართლისთვის თვალის გასწორების შეეშინდათ
მოძრაობა „ხალხის ძალის“ წევრის, ეკა სეფაშვილის განცხადებით, ოპოზიციამ შუალედურ არჩევნებში მხოლოდ იმის გამო არ მიიღო მონაწილეობა, რომ არ სურდათ, მწარე რეალობის წინაშე დამდგარიყვნენ.
სეფაშვილის თქმით, ოპოზიციას სიმართლისთვის თვალის გასწორების შეეშინდა.
„არჩევნების შედეგები იქნებოდა უკვე შემდგარი ფაქტი და ისინი საზოგადოების იმ ნაწილს, რომელსაც ჯერ კიდევ სჯერა მათი, უკვე ვერ მოატყუებდა, ვერ იტყოდნენ, რომ ძალიან მაღალი რეიტინგით სარგებლობენ, როგორც ვითომდა ამას IRI-ის კვლევებიც ადასტურებს. მათ შეეშინდათ სიმართლისთვის თვალის გასწორება. მონაცემები, რაც საარჩევნო კომისიის მიერ გამოქვეყნდა, მოწმობს, რომ ამ შუალედურ არჩევნებზე მოვიდა გაცილებით მეტი ამომრჩეველი, ვიდრე აქამდე მოდიოდა. ეს ნიშნავს, რომ „ქართული ოცნების“ რეიტინგი იზრდება“, – აღნიშნა ეკა სეფაშვილმა.