ეკა სეფაშვილი - ნამდვილად თუ ფიქრობენ, რომ ბიძინა ივანიშვილი სანქცირებულთა სიაში შეიყვანონ, უკრაინის ხელისუფლების მხრიდან ასეთი რაღაცები არ მიკვირს
ნამდვილად თუ ფიქრობენ, რომ ბიძინა ივანიშვილი სანქცირებულთა სიაში შეიყვანონ, უკრაინის ხელისუფლების მხრიდან ასეთი რაღაცები არ მიკვირს, რადგან მათი მაღალჩინოსნების მხრიდან ჩვენ პირდაპირი მოწოდებები ხშირად გვესმოდა საქართველოს ომში ჩართვასთან დაკავშირებით, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრმა, ეკა სეფაშვილმა განაცხადა.
სეფაშვილს კითხვით მიმართეს, როგორ შეაფასებდა იმას, რომ ივანიშვილის დასანქცირებაზე გადაწყვეტილება მიიღო უკრაინამ და მხოლოდ ვოლოდიმირ ზელენსკის ხელმოწერა აკლია.
„კიდევ ერთი მავნებლობა, რომ ბიძინა ივანიშვილი შეიყვანონ სანქცირებულთა სიაში, მათგან გამორიცხული არ არის. ისინი ყველანაირად ცდილობენ, საქართველო ჩართონ ომში სხვადასხვა ხერხით და სხვადასხვა მეთოდით. ასე რომ, მათი ეს გამოხტომა მათ არამეგობრულ დამოკიდებულებაში საქართველოს მიმართ აშკარად ჩანს. თუმცა, ჩვენ, ქართველი ხალხი და საქართველოს ხელისუფლება სოლიდარობას ვუცხადებთ ჩვენს უკრაინელ მეგობრებს და უკრაინელ ხალხს და ყველანაირად მზად ვართ, მათ გვერდით ვიდგეთ იმ საშუალებებით და იმ რესურსებით, რაც საქართველოს გააჩნია და რისი უფლებაც შეგვიძლია, ჩვენს თავს მივცეთ“, – განაცხადა სეფაშვილმა.