ეკა სეფაშვილი - „ნაციონალურ მოძრაობაში“ დაპირისპირება მიუთითებს, რომ ისინი არ ასრულებენ თავიანთი ამომრჩევლის დაკვეთას, ფიქრობენ მხოლოდ საკუთარი ძალაუფლების გადანაწილებაზე
„ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში“ მიმდინარე დაპირისპირება მიუთითებს იმას, რომ ისინი არ ასრულებენ თავიანთი ამომრჩევლის დაკვეთას, ფიქრობენ მხოლოდ საკუთარი ძალაუფლების გადანაწილებაზე, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრმა, ეკა სეფაშვილმა განაცხადა.
„ძალიან არასერიოზულობაზე მიუთითებს ამ პარტიის მიდგომების შესახებ ის ფაქტი, რომ ახლა გაახსენდათ, რომ თურმე ხაბეიშვილმა ენა არ იცის. სამი თვის წინაც არ იცოდა ამ კაცმა ენა და ახლა გაახსენდათ. ეს ნიშნავს, რომ ძალიან არასერიოზულად უყურებენ თავიანთ პარტიას, ამომრჩეველს, რომელსაც მათ იმედი გაუცრუეს, ეს არის ყველაზე დიდი დანაშაული, რომელიც თავისი ქვეყნის წინაშე ჩაიდინეს, რადგან ოპოზიცია აუცილებლად უნდა არსებობდეს ქვეყანაში, რომ მოხდეს კონსტრუქციული დიალოგი ნებისმიერ კანონპროექტზე, პოლიტიკაზე. ამ დაკვეთას ისინი არ ასრულებენ და უნდებიან მხოლოდ პირადი ძალაუფლებისთვის ბრძოლას. რა თქმა უნდა, ეს არ არის მისასალმებელი და მისაღები არცერთი ქვეყნისათვის და, უპირველესად, არც მათი ამომრჩევლისთვის“, – განაცხადა ეკა სეფაშვილმა.
დეპუტატი ასევე გამოეხმაურა ინფორმაციას იმის შესახებ, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილმა თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ ახალი ოფისი გახსნა და პარტიის წარმომადგენლებთან შეხვედრებს მართავს.
„არ ვიცი, ეს ახალი ოფისის გახსნა რას ემსახურება და ნიკა მელიას დაჯგუფება რას და როგორ იზამს, მე ერთადერთი, რასაც ვაკვირდები, არის ის, რომ ინტელექტუალური რესურსი ამ პარტიიდან გადის, ტოვებენ რიგებს ერთი მეორის მიყოლებით. ეს, რა თქმა უნდა, პარტიას აკნინებს“, – განაცხადა ეკა სეფაშვილმა.