ეკა სეფაშვილი - იმ გარემოებაში, როცა საქართველოს ჰქონდა ომი რუსეთთან და ტერიტორიის 20 პროცენტი იყო ოკუპირებული, 2019 წელს საერთაშორისო საზოგადოება ფრენების შეწყვეტის წინააღმდეგი იყო, რა შეიცვალა დღეს?
მოძრაობა „ხალხის ძალის“ წევრის, ეკა სეფაშვილის განცხადებით, საქართველოსთან პირდაპირი ფრენების აღდგენა რუსეთის ცალმხრივი გადაწყვეტილებაა.
მისივე თქმით, 2019 წელს, როდესაც რუსეთმა შეაჩერა ფრენები, ევროკავშირისა და ამერიკის მაღალი თანამდებობის პირები რუსეთისგან ითხოვდნენ, არ შეწყვეტილიყო პირდაპირი ფრენები, რადგან ეს იყო საქართველოს, ადამიანის უფლებების წინააღმდეგ დისკრიმინაციული ნაბიჯი.
„იმ გარემოებაში, როდესაც საქართველოს ჰქონდა ომი რუსეთთან, ქვეყნის ტერიტორიის 20 პროცენტი იყო ოკუპირებული, 2019 წელს მთლიანად საერთაშორისო საზოგადოება იყო ფრენების შეწყვეტის წინააღმდეგი, რა შეიცვალა დღეს? რასაკვირველია, არის ომი უკრაინაში, მაგრამ ჩვენ ომი გვქონდა 2008 წელს და ეს ომი ისეთივე მნიშვნელოვანი იყო ჩვენთვის, როგორც ახლანდელი ომია მნიშვნელოვანი უკრაინელებისთვის და ყველასთვის“, – განაცხადა ეკა სეფაშვილმა ბრიუსელში, ევროკავშირი-საქართველოს საპარლამენტო ასოცირების კომიტეტის სხდომაზე.