ეკა სეფაშვილი - ევროსაბჭოს ორგანოს 2020 წლის ანგარიშში აღნიშნულია, რომ საქართველოში ერთ-ერთი ხარვეზი ეხება არაკომერციულ ორგანიზაციებთან დაკავშირებით ზედამხედველობისა და მონიტორინგის ნაკლებლობას
მოძრაობა „ხალხის ძალის“ წარმომადგენელის, ეკა სეფაშვილის განცხადებით, ლაშა ტუღუშისა და სხვა ავტორების მიერ 2016 წელს დაწერილი პოლიტიკის დოკუმენტი „უცხო ქვეყნების სახელმწიფო ფინანსების გამჭვირვალობა საქართველოში“, ძირითადად რუსულ საფრთხეებს ეხებოდა, თუმცა ანალიზში ბევრი ქვეყანაა მოცული.
მისივე თქმით, 2016 წლის ანგარიშში, ყველა რისკის დაზღვევის გამო, გამოყენებულია ტერმინი „უცხო ქვეყანა“.
„ლაშა ტუღუშის და კიდევ სხვა ავტორების მიერ შექმნილი პოლიტიკის დოკუმენტის სათაური არის – „უცხო ქვეყნების სახელმწიფო ფინანსების გამჭვირვალობა საქართველოში“. თქვენ ამბობთ, რომ ეს დაიწერა რუსეთზე. კი ბატონო, შეიძლება, ამოსავალი წერტილი იყო რუსეთი და ძირითადად რუსულ საფრთხეებს ეხებოდა, მაგრამ თქვენ, მე დარწმუნებული ვარ, იქიდან გამომდინარე, რომ გინდოდათ, მთელი რისკების ფართო სპექტრი შეგეფასებინათ, აქცენტი არ გააკეთეთ მხოლოდ ერთ ქვეყანაზე და ბევრი ქვეყანა მოიცავით თქვენს ანალიზში.
თქვენ მიერ დაწერილი 2016 წლის ანგარიში ძირითადად ეხებოდა რუსეთს, მაგრამ იმის გამო, რომ თქვენ ფიქრობდით, უკეთესი იქნებოდა, ეს რისკები განზოგადოებულიყო და ყველა რისკი დაგეზღვიათ, იყენებთ ტერმინს – „უცხო ქვეყანა“. სხვათა შორის, თქვენ ამ პოლიტიკის დოკუმენტში განხილული გაქვთ ამერიკული კანონი, რომელიც ჩვენ სიტყვასიტყვით ვთარგმნეთ. სწორედ ეს არის ის ამერიკული ვარიანტი, რომელიც წარმოგიდგინეთ, რომელიც არც ჩვენ მოგვწონს, მაგრამ სპეკულაციების საპასუხოდ წარმოვადგინეთ, და არის ქართული ვარიანტი. 2016 წელს გამოქვეყნებულ ანგარიშში ჩვენ ვკითხულობთ: „ეს მიზნად ისახავს გამჭვირვალობის სტანდარტების გაუმჯობესებას, ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოებისა და დემოკრატიის განმტკიცებას“, – განაცხადა ეკა სეფაშვილმა გაერთიანებული კომიტეტების სხდომაზე, სადაც პარლამენტში ინიცირებულ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს განიხილავენ.
სეფაშვილის განმარტებით, არსებობს უფრო ახალი ანგარიშიც, რომელიც გამოაქვეყნა „მანივალმა“, ევროპის საბჭოს ორგანომ.
„„მანივალი“ არის ევროპის საბჭოს ერთ-ერთი ორგანო, რომელმაც ანგარიში დაამტკიცა მესამოცე პლენარულ სესიაზე, რომელიც ჩატარდა 2020 წლის 16-18 სექტემბერს. ამ ანგარიშში აღნიშნულია, რომ საქართველოში რისკების შეფასებისას, ერთ-ერთი მრავალრიცხოვანი ხარვეზი ეხება არაკომერციულ ორგანიზაციებთან დაკავშირებული კანონებისა და რეგულაციების რისკების, ზედამხედველობისა და მონიტორინგის ნაკლებლობას. ასევე, რეკომენდაციებში აღნიშნულია, რომ არასამთავრობო ორგანიზაციების ადმინისტრირებისა და მართვის სფეროში არსებობს მკაფიო პოლიტიკა ანგარიშვალდებულების, გამჭვირვალობის და საზოგადოების ნდობის ხელშეწყობისთვის საჭიროა ამის გაკეთება. ეს არის ევროპის საბჭოს „მანივალის“ მიერ 2020 წელს დამტკიცებული რეკომენდაცია, რომელიც ეხება საქართველოს. ეს თქვენი უზრდელობა, თქვენი სურვილი, რომ არ მოისმინოთ არცერთი არგუმენტი, არ ამტკიცებს, რომ თქვენ გინდათ ქვეყნის ევროპული იტეგრაცია“, – განაცხადა ეკა სეფაშვილმა.