ეკა სეფაშვილი - ევროკავშირმა დააინიცირა დირექტივა გამჭვირვალობის შესახებ და ჩვენ ეს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ კანონის საფუძვლად ვაქციეთ
ევროკავშირმა დააინიცირა დირექტივა გამჭვირვალობის შესახებ და ჩვენ ეს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ კანონის საფუძვლად ვაქციეთ, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ საერთაშორისო ურთიერთობების მდივანმა, ეკა სეფაშვილმა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მუდმივმოქმედი კომიტეტის სხდომაზე განაცხადა.
მისივე თქმით, საქართველოში პოლიტიკური პარტიები ყალბ არასამთავრობო ორგანიზაციებს აარსებენ და უცხოეთიდან ფულს იღებენ.
„მინდა, გამოვხატო ჩემი მადლიერება, რომ დაინტერესებული ხართ საქართველოში განვითარებული ამბებით და წუხართ ჩემს ქვეყანაზე. ვაფასებთ მსგავს ქცევას ჩემი ქვეყნისადმი, მაგრამ ნება მომეცით, აგიხსნათ გარკვეული დამოკიდებულებები, რომლებიც არ შეესაბამება სიმართლეს. მაგალითად, ვენეციის კომისამ განაცხადა, რომ არის ორი სახის კანონი, პირველი არის ლობიზმი, მაგალითად FARA-ს მსგავსი და მეორე არის უცხოური გავლენა. ნება მომეცით, შეგახსენოთ, რომ ფინანსური ნაკადი და ფინანსური დაფინანსება როდესაც მოდის უცხოეთიდან და არა ქვეყნის შიგნიდან, ეს ყოველთვის იწვევს უცხოურ გავლენას. ჩვენ ყველამ ვიცით, რომ „ვინც იხდის, მუსიკასაც ის უკვეთავს” და ეს არის შემთხვევა, რომელიც გვსურს, იყოს უფრო გამჭვირვალე. ქართველ ხალხს აქვს უფლება, იცოდეს, ვინ დგას არასამთავრობო ორგანიზაციების უკან და რა სახის აქტივობებს აფინანსებენ ისინი.
რა თქმა უნდა, არის შემთხვევები, როდესაც მსგავსი უცხოური ფინანსები მიედინება არასწორი მიმართულებით პოლიტიკურ პარტიებში და ეს არის პირდაპირი ჩარევა პოლიტიკურ პროცესებში. საქართველოში ჩვენ ვნახეთ შემთხვევები, როდესაც პოლიტიკური პარტიები ყალბ „ენჯეოებს“ აარსებენ და იღებენ ფულს უცხოეთიდან. ჩვენ ვცდილობთ, თავიდან ავირიდოთ სიტუაციის მსგავსი განვითარება. ფაქტობრივად, უნდა დაგარწმუნოთ, კანონის პირველ მუხლში წერია, რომ ეს კანონი არ კრძალავს არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ნებისმიერი მედიის საქმიანობას. ამ კანონის მიღებამდე ჩავატარეთ გამოკითხვა და როგორც აღმოჩნდა, 81% მხარს უჭერს გამჭვირვალობას“, – აღნიშნა სეფაშვილმა.
ეკა სეფაშვილის განცხადებით, საქართველო ცდილობს, გააგრძელოს ევროპული გზა მეტი გამჭვირვალობისთვის.
„გამჭვირვალობა არის ევროპული ღირებულების გასაღები და ჩვენ ვცდილობთ, გავაგრძელოთ ჩვენი ევროპული გზა მეტი გამჭვირვალობისთვის. მაგალითად, ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, რომ უცხოური გავლენა შიდა დემოკრატიაში პრობლემად იქცა. სწორედ ამიტომ ევროკავშირმა დააინიცრა დირექტივა გამჭვირვალობის შესახებ და ჩვენ ეს გამჭვირვალობა ჩვენი კანონის საფუძვლად ვაქციეთ. ჩვენი კანონი კიდევ უფრო რბილია ევროკავშირის გამჭვირვალობის დირექტივასთან შედარებით. უფრო მეტიც, ევროპის საბჭოს ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ მიმართულ ღონისძიებათა შემფასებელ რჩეულ ექსპერტთა კომიტეტმა რეკომენდაცია მისცა საქართველოს, გაზარდოს არასამთავრობო სექტორის გამჭვირვალობა, რადგან არცთუ ისე კარგი ინფორმაციაა მათი საქმიანობის თვალსაზრისით.
როგორც მოგეხსენებათ, ევროპის საბჭოს ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ მიმართულ ღონისძიებათა შემფასებელ რჩეულ ექსპერტთა კომიტეტი (Moneyval) არის ორგანიზაცია, რომელიც ცდილობს, თავიდან აიცილოს ტერორიზმი და ფულის გათეთრება და ა.შ. ამ მხრივ, ეს კანონი ემთხვევა ევროპულ ღირებულებებს. რაც შეეხება საქართველოს დემოკრატიულ განვითარებას და ჩვენს ევროპულ გზას, რა თქმა უნდა, მივდივართ ჩვენი ევროპული გზით და ამჟამად ასოცირების შეთანხმების განხორციელების პროცესში ვართ, რომლის ნახევარზე მეტიც შესრულებულია. ვმუშაობთ გლობალურ პროექტზე, რომელიც არა მხოლოდ საქართველოს ინტერესებში, არამედ ევროკავშირის ინტერესებშიც შედის. ვგულისხმობ, ევროკავშირის ენერგეტიკული უსაფრთხოების საკითხებსა და ევროკავშირის სატრანსპორტო კომუნიკაციებს პლანეტის აღმოსავლეთსა და ციფრულ ჰაბებს შორის“, – აღნიშნა სეფაშვილმა.