ეკა სეფაშვილი - „დროასა“ და „გირჩი - მეტი თავისუფლების“ ინიციატივა, რომელიც რუსული რუბლებით არის დაფინანსებული, ცოტა არ იყოს კომიკურია და სერიოზულს ვერ ვუწოდებ
„დროასა“ და „გირჩი – მეტი თავისუფლების“ ინიციატივა, რომელიც რუსული ბიუჯეტიდან რუბლებით დაფინანსებული ვითომდა პოლიტიკოსის და, მეორე მხრივ, შარვლის ჩახდით მებრძოლი ადამიანების მიერ შეიქმნა, ცოტა არ იყოს კომიკურია და სერიოზულს ვერ ვუწოდებ, – ამის შესახებ პარტია „ხალხის ძალის“ წევრმა, ეკა სეფაშვილმა განაცხადა.
როგორც ეკა სეფაშვილმა აღნიშნა, ყველაფერი ეს, რა თქმა უნდა, საქართველოს სახელმწიფოებრიობის შენების წინააღმდეგ არის მიმართული და ეს ინიციატივაც მსგავსი მავნებლობაა ქართვლი ხალხის და საქართველოს მოსახლეობის წინააღმდეგ.
„ეს მახსენებს საბჭოთა პერიოდის 1937-იან წლებს, როდესაც სიებს ადგენდნენ და მტრების სახელით ნათლავდნენ, თუმცა მათი მცდელობა სერიოზული მცდელობისაგან შორს არის და ასეთ შავ სიაში მოხვედრა ნიშნავს სწორედ იმას, რომ ჩვენ ჩვენი ქვეყნისთვის სწორ ნაბიჯებს ვდგამთ, იმ ნაბიჯებს, რომლებიც მათ ინტერესებში არ შედის. იქნება ეს მაუწყებლობის შესახებ კანონმდებლობა, რომელიც ევროდირექტივის პირდაპირ დანერგვაა საქართველოში და ნიშნავს ევროპული პრაქტიკის გათავისებას და ევროპული პრაქტიკის იმ ხარისხით დანერგვას, რასაც მოითხოვს ჩვენი ევროპული განვითარება და, მეორეს მხრივ, თუ საუბარი ეხება ე.წ. რუსულ კანონს, რომელიც გულისხმობს უცხოური აგენტების საქმიანობის გამოვლენას და მათი ფინანსების გამჭვირვალობას. დიახ, საქართველოში ბოლო პერიოდში განვითარებულმა მოვლენებმა ცხადად დაგვანახა, თუ რატომ ეწინააღმდეგებოდნენ დონორები და მდიდარი ენჯეოები ამ კანონის მიღებას. ძალიან საინტერესოა, თუნდაც ეს ინიციატივა საიდან ფინანსდება ან თუნდაც ის ვითომდა არასამთავრობოები, რადიკალიზმის წახალისებას რომ აფინანსებენ, საიდან მოსდით თანხები. ყველაფერი ეს, რა თქმა უნდა, საქართველოს სახელმწიფოებრიობის შენების წინააღმდეგ არის მიმართული და ეს ინიციატივაც მსგავსი მავნებლობაა ქართვლი ხალხის და საქართველოს მოსახლეობის წინააღმდეგ. მათი ეს კომიკური მცდელობა დიდ შედეგს ვერ გამოიღებს. მე არ ვფიქრობ, რომ ვინმე საზოგადოებაში სერიოზულად უყურებდეს მათ წამოწყებას ან იმ ფაქტს დატვირთვა მიანიჭოს, რომ აქ ვინმე მოხვდება თუ არ მოხვდება“, – განაცხადა ეკა სეფაშვილმა.