ეკა ხერხეულიძე - ვერ გეტყვით, როდის გამოჩნდება სააკაშვილი საზოგადოებასთან, სააკაშვილის პროგნოზირება ძალიან ძნელია
ეკა ხერხეულიძე - ვერ გეტყვით, როდის გამოჩნდება სააკაშვილი საზოგადოებასთან, სააკაშვილის პროგნოზირება ძალიან ძნელია

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ეკა ხერხეულიძე აცხადებს, რომ ოპოზიცია ემზადება გამარჯვების ზეიმისთვის და ეს იქნება 3 ოქტომბერს.

ამასთან, კითხვაზე, გამოჩნდება თუ არა მიხეილ სააკაშვილი 3 ოქტომბრამდე საზოგადოების წინაშე, ხერხეულიძე აცხადებს, რომ ინფორმაცია არ აქვს.

„არ ვიცი, ვერ გეტყვით. მიხეილ სააკაშვილის პროგნოზირება ძალიან ძნელია. არ ვიცი“, – აღნიშნა ხერხეულიძემ.

ეკა ხერხეულიძის ინფორმაციით, უმოკლეს ვადაში გავრცელდება დამატებითი ვიდეოები მიხეილ სააკაშვილისგან.

„თავად მიხეილ სააკაშვილი გეტყვით დამატებით დეტალებს მაღალი ინტერესიდან გამომდინარე, მაგრამ ის, რაც პარტიაში უნდა დაორგანიზებულიყო, უცვლელი გახლავთ. ჩვენი მზაობა არის ხვალინდელი დღე, მშვიდ გარემოში უნდა მოვახერხოთ საზოგადოების მობილიზება, თავისუფალი ნების დაფიქსირება, ხმის მიცემა და დაცვა. ეს ძალიან მნიშვნელოვანია“, – განაცხადა ხერხეულიძემ.

ასევე, კითხვაზე, რატომ შეიცვალა მიხეილ სააკაშვილის გეგმები, რომელიც 2 ოქტომბერს აანონსებდა ჩამოსვლას, ეკა ხერხეულიძე აცხადებს, რომ მისთვის უცნობია, რატომ შეცვალა სააკაშვილმა გეგმა.

„ვერ გეტყვით, რატომ შეიცვალა. ვიცი ის, რომ არჩევნების დღეს ხელი არ უნდა შეეშალოს. ეს ალბათ მან გაითვალისწინა, ვინაიდან იცით, რომ კომისიების მუშაობა გვიანობამდე მიმდინარეობს, რომ არ ყოფილიყო რაღაც გაურკვევლობა თავისთავად, ეს პრობლემა, ეს კითხვის ნიშნები მოხსნილია. მშვიდად უნდა იმუშაონ ჩვენმა წარმომადგენლებმა და ყველა ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელმა, ეს არის მთავარი და აუცილებლად უნდა მოხდეს გამარჯვების გაფორმება“, – აღნიშნა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა.