ეკა ხერხეულიძე - სააკაშვილმა განსაკუთრებული სიმტკიცე და ძალისხმევა სთხოვა ნიკა მელიას, რომ თავისი დიდი მონაპოვარი ბოლო გამარჯვებამდე მიიყვანოს
ჩვენი სასაუბრო თემა იყო გუშინდელი დღე. მე ვიყავი პირველი ადამიანი, ვისგანაც შეიტყო საერთოდ რა მოხდა გუშინ ქვეყანაში და რა შედეგები დადგა. სრულიად აღფრთოვანებული დარჩა იმ შედეგებით, რაც ვუთხარი, განსაკუთრებით თბილისის მონაცემი იყო მისთვის შთამბეჭდავი, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ეკა ხერხეულიძემ ციხეში მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილს ესმის, რა ბრძოლა გაიარა ქართველმა ხალხმა, რა წნეხის ქვეშ მიიღო ის გადაწყეტილება, რაც მიიღო.
„იცის მოსყიდვის, შანტაჟის და დაშინების ფონზე როგორი მისაღწევია ამ შედეგის გაფორმება, თუმცა იცის, რომ გაცილებით მაღალი პროცენტია მთლიანად ოპოზიციის მაჩვენებელი. მე მას ვკითხე, რამდენად სწორად მიაჩნია მეორე ტურში მონაწილეობის მიღება, როდესაც ის საპატიმროშია? ცალსახად თქვა, რომ გამარჯვების ხელიდან გაგდება არის გაუმართლებელი, ბოლომდე უნდა იბრძოლოს ქართველმა ხალხმა. განსაკუთრებული სიმტკიცე და ძალისხმევა სთხოვა ნიკა მელიას, რომ თავისი დიდი მონაპოვარი ბოლო გამარჯვებამდე მიიყვანოს. მას არ გაჰკვირვებია ზელენსკის განცხადება, იცით რომ მჭიდრო მეგობრობა აკავშირებთ, ის დარწუნებული იყო მის ასეთ პოზიციაში, მიიღო როგორც მოცემულობა. ის, რაც დამაბარა, მოგვიანებით გავავრცელებ.
ჩვენ ვისაუბრეთ მისი საქართველოში შემოსვლაზე, მე თავს უფლებას არ მივცემდი და არ ვკადრებდი მეკითხა, რა გზა გამოიარა. ვიცი, რომ ძალიან რთული გზა გამოიარა, მაგრამ იმ რეალობასთან კავშირი არ აქვს რა ინფორმაციასაც თქვენ ფლობთ. ბევრი იცინა იმასთან დაკავშირებით, რომ ხელისუფლების განცხადებით, ის დღენახევარი იმყოფებოდა საქართველოში. იცის რა ბრძოლაშიც არის შემოსული, არ დარდობს იმაზე დაემატება თუ არა ბრალეულობები, ისეთივე მტკიცეა, როგორსაც ვიცნობდი. მას იოლი ცხოვრება არ ჰქონია, იცის გადასარევად, რა ელოდება წინ. მისი ორიენტირი არის მეორე ტური. ის ფიქრობს, რომ ამ დიდი გამარჯვების, დიდი მონაპოვრის შუა გზაში დატოვება არაფრით არ შეიძლება. მეორე ტურის გამარჯვება გარდაუვლად მიაჩნია. ვისაუბრეთ უხეში დამოკიდებულება ხომ არ ჰქონია პოლიციას მასთან მიმართებაში, მან თქვა, რომ არანაირი უხეში დამოკიდებულება არ ჰქონიათ, ძალიან კარგად იქცეოდნენ, ადმინისტრაციის თანამშრომლების მიმართ აქვს პოზიტიური დამოკიდებულება, რადგან არაფერი უხეშობა არ გამოუვლენიათ. მან თქვა, რომ ყველა, ვინც კი შევიდა მასთან ასაყვანად, ყველა პოლიციელმა გადაიღო სელფი, ეს მითხრა ინდიკაციისთვის, რომ მივხვდე, ჩამოშლილები არიან“, – განაცხადა ხერხეულიძემ.