ეკა გულუა -„მედიაცენტრ მთავარში“ მომხდარის გამო, სოლიდარობა არც ერთ არასამთავრობო და უფლებადამცველ ორგანიზაციას, მათ შორის არც სახალხო დამცველს გამოუთქვამს
„მედიაცენტრ მთავარის“ ხელმძღვანელი ეკა გულუა აცხადებს, რომ „მედიაცენტრ მთავარში“ მომხდარი შემთხვევების გამო, სოლიდარობა არც ერთ არასამთავრობო და უფლებადამცველ ორგანიზაციას, მათ შორის არც სახალხო დამცველს გამოუთქვამს.
როგორც ეკა გულუამ განაცხადა, „მედიაცენტრი მთავარი“ ამ ეტაპისთვის დახურულია, რისი მიზეზიც ოფისში „სირცხვილიას“ და „გაბედეს“ აქტივისტების გახშირებული შეჭრა გახდა.
„ორჯერ შემოიჭრნენ ოფისში, კერძო საკუთრებაში და იძულებული გავხდით, დაგვეტოვებინა ფართი. ვიბრძვით სიტყვის თავისუფლებისთვის, მედიის თავისუფლებისთვის, გამოხატვის თავისუფლებისთვის, მედიის უფლებების დაცვისთვის, მაგრამ ჩემს შემთხვევაში აღმოჩნდა, რომ ეს ყველაფერი, რაც ჩამოვთვალე, სელექციურია. გამორჩევითი აღმოჩნდნენ უფლებების დამცველები. გავაკეთეთ ოფიციალური განცხადება, მივმართეთ საერთაშორისო ორგანიზაციებს, არასამთავრობოებს, უფლებების დამცველ არასამთავრობოებს, თუმცა სოლიდარობა – ნული. სახალხო დამცველიც არ გამომხმაურებია. სახალხო დამცველის მხრიდან არანაირი შეფასება, განცხადება არ ყოფილა იმ ფონზე, როცა სახალხო დამცველის ერთ-ერთი მთავარი ფუნქცია არის მედიის უფლებების, თავისუფლებისა და გამოხატვის უფლების დაცვა. სოლიდარობა, ვინც რეალურად გამომიცხადა, გახლავთ სოფიო ხორგუანი, რომელმაც შემომთავაზა საკუთარი ფართი. მალე ალბათ იქ განვაახლებთ მუშაობას“, – აღნიშნა ეკა გულუამ.
შეგახსენებთ, რომ „სირცხვილიასა“ და „გაბედეს“ აქტივისტების გახშირებული შეჭრის გამო, პრესკლუბმა „მთავარმა“ მუშაობა შეაჩერა. უფლებადამცველმა, სოფო ხორგუანმა განაცხადა, რომ „მედიაცენტრ მთავარს“ მუშაობის გაგრძელებისთვის საკუთარი ბინის ნაწილს დაუთმობს.