ეკა გიგაური - თუ საქმე აღიძრა, უნდა გამოიკითხოს პრეზიდენტი, სხვა შემთხვევაში გამოძიებას ფორმალური ხასიათი ექნება
„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ აღმასრულებელი დირექტორი ეკა გიგაური მიიჩნევს, რომ პატიმრების შეწყალების ფაქტზე დაწყებული გამოძიების ფარგლებში საქართველოს პრეზიდენტი უნდა გამოიკითხოს, წინააღმდეგ შემთხვევაში გამოძიებას ფორმალური ხასიათი ექნება.
როგორც ეკა გიგაურმა განაცხადა, ამ დრომდე არ არის გაკეთებული განცხადება, თუ რა პრინციპით შეირჩა რამდენიმე ათასი ადამიანიდან 30 პირის საქმე.
„ამ ქვეყანაში რეაგირება სამწუხაროდ, მხოლოდ მაშინ ხდება, როცა არის საზოგადოების დიდი პროტესტი. მე მგონია, რომ თუ საქმე აღიძრა, უნდა გამოიკითხოს პრეზიდენტი, სხვა შემთხვევაში ამას ფორმალური ხასიათი ექნება. რაც შეეხება კორუფციას, სამწუხაროდ, ამ დრომდე განმარტება არ გაუკეთებია საქართველოს პრეზიდენტს იმ რამდენიმე ათასი განცხადებიდან როგორ ამოარჩია 30-მდე ეს საქმე. მე ვიყავი შეწყალების კომისიის წევრი და ვიცი, რომ უბრალოდ ვერ გამორიცხავ ვერავის, ვინც აკმაყოფილებს შესაბამის კრიტერიუმს და შესაბამისად ყველა უნდა განიხილო და იმ რამდენიმე ათასიდან ეს 30-მდე განცხადება როგორ ამოარჩია ეს არის მნიშვნელოვანი“, – განაცხადა ეკა გიგაურმა.
ამასთან ეკა გიგაურის თქმით, შეწყალება პრეზიდენტის უფლებაა, თუმცა პროცესში უნდა გამოირიცხოს კორუფციული რისკები.
„უნდა ითქვას, რომ პრეზიდენტის უფლება არის, ნებისმიერ დროს შეიწყალოს პატიმარი, ეს არის მისი უფლება, მაგრამ მეორეს მხრივ, რა თქმა უნდა, ამ პროცესში უნდა გამოირიცხოს კორუფციული რისკები და ზუსტად ამიტომ არსებობს კრიტერიუმები და ზუსტად ამიტომ შეიძლებოდა ყოფილიყო შეწყალების კომისია, რომელიც დააზღვევდა პრეზიდენტს ამ რისკებისგან. ბევრი კითხვაა და იმედია ეს გამოძიება ამ კითხვებს პასუხს გასცემს“, – განაცხადა ეკა გიგაურმა.
საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ პატიმრების შეწყალების ფაქტზე გამოძიება დაიწყო. საქართველოს პრეზიდენტმა 28 აგვისტოს, მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით 34 მსჯავრდებული შეიწყალა, მათ შორის აღმოჩნდენენ მკვლელობისთვის გასამართლებული სამი პირი და ერთი ძებნილი.
ამასთან, პრეზიდენტის ადმინისტრაცია პრეზიდენტის მიერ მსჯავრდებულების შეწყალების ფაქტებზე გამოძიების დაწყებასთან დაკავშირებით გენერალური პროკურატურის გადაწყვეტილებას მიესალმება.