ეკა გიგაური - „პატრიოტთა ალიანსის“ რუსული წყაროებით სავარაუდო დაფინანსებაზე არსებობდა დოკუმენტები, მაგრამ ამას რეაგირება არ მოჰყვა, ელენე ხოშტარიას შემთხვევაში, საუბარი იყო მის ოჯახზე და არა პარტიაზე
„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“ სასტუმრო „თბილისი მარიოტში“ დისკუსიას მართავს თემაზე, „პოლიტიკური ფინანსები საქართველოში“. დისკუსიაში პოლიტიკური პარტიების, ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები მონაწილეობენ.
როგორც დისკუსიის დაწყებამდე ჟურნალისტებს „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ ხელმძღვანელმა, ეკა გიგაურმა განუცხადა, პარტიების დაფინანსების გამჭვირვალობასთან დაკავშირებით ქართულ პოლიტიკაში გამოწვევები არსებობს.
მისივე თქმით, დისკუსიის მიზანია, ისაუბრონ, როგორ უნდა შეებრძოლონ ამ გამოწვევებს და რა შეიძლება, გააკეთონ, რათა ქვეყანა გამოწვევების წინაშე არ დადგეს.
„ვიცით, რომ პარტიების დაფინანსების სისტემა გარკვეულწილად არის გამჭვირვალე. წლების წინ ეს სისტემა ჩამოყალიბდა და პრინციპში, ვიცით, რომ ყველა პარტია აგზავნის დაფინანსებასთან დაკავშირებით ინფორმაციას, რაც არის ხელმისაწვდომი, თუმცა მეორე მხრივ, ჩვენ ვხედავთ, რომ არსებობს გამოწვევები, მათ შორის როგორც ჩანს, რუსული ფული არსებობს ქართულ პოლიტიკაში. გვინდა, ერთად ვისაუბროთ, როგორ შევებრძოლოთ გამოწვევებს და რა შეიძლება გაკეთდეს, რათა ქვეყანა ამ გამოწვევების წინაშე არ დადგეს“, – განაცხადა ეკა გიგაურმა.
ჟურნალისტებმა ეკა გიგაურს კითხვა დაუსვეს: „რომელ პარტიასთან გამოიკვეთა რუსული ფული? ბოლო პერიოდში დიდი გამოხმაურება მოჰყვა ელენე ხოშტარიას მიმართებით მმართველი პარტიის განცხადებებს, რომ იგი სწორედ რუსული ფულით ფინანსდებოდა. ხომ არ მოგიკითხავთ ან შეისწავლეთ ხოშტარიას რუსულ ფინანსებთან კავშირი?“.
ეკა გიგაურის თქმით, ელენე ხოშტარიას შემთხვევაში, საუბარი შეეხებოდა მის ოჯახს და არა პარტიას და პარტიის დაფინანსებას.
„არა, პარტიაზე არ იყო საუბარი, მის ოჯახზე იყო საუბარი, პირადზე და მას ეს არ უარყვია. პარტიების დაფინანსება ცოტა სხვა რამეა“, – განაცხადა ეკა გიგაურმა.
კიდევ ერთ კითხვას, „შეგიძლიათ, დაგვისახელოთ კონკრეტული პარტიები, სადაც შემოწირულობების ნაწილში ფიგურირებს პრობლემები და რომელ პარტიასთან გამოიკვეთა რუსული ფული“, ეკა გიგაურმა ასე უპასუხა:
„წარსულში გვახსოვს „პატრიოტთა ალიანსთან“ დაკავშირებული ინფორმაცია, რომელიც გავრცელდა სოციალურ ქსელებში. მაშინ გავავრცელეთ ინფორმაცია იმაზე, რომ ეს არის პრობლემა, თუმცა ადეკვატური რეაგირება არ მოჰყვა. სავარაუდო დაფინანსებასთან დაკავშირებით იყო დოკუმენტები, მაგრამ ამ ფაქტს რეაგირება არ მოჰყოლია“, – განაცხადა ეკა გიგაურმა.