ეკა გიგაური - ხელისუფლება შეეცდება გაგვყოს, ერთმანეთს დაგვაპირისპიროს, ეს არ უნდა მოხდეს, ყველანი უნდა ვიყოთ ერთად
ეს ორი დღეა, აქციები არის ხალხის, გამოდიან თავისი თავებისთვის და აპროტესტებენ, – ამის შესახებ „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ ხელმძღვანელმა, ეკა გიგაურმა განაცხადა, რომელიც რუსთაველის გამზირზე იმყოფება.
„აქციაზე ხალხი მოდის არა იმიტომ, რომ ვიღაცამ მოუწოდა, არამედ თავისი ქვეყნის ინტერესს იცავენ. ამიტომ, ცხადია, მათზეა დამოკიდებული, იქნება თუ არა აქცია. ხელისუფლება შეეცდება, უტიფრად გააგრძელოს ის გადაწყვეტილებები, რასაც იღებენ. ძალიან ნერვიულობენ, არავინ დაიჯეროს, ამდენი განცხადება რომ მოდის საერთაშორისო თანამეგობრებისგან და ამდენი ხალხი რომ გამოდის ქუჩაში, არ იყოს პრობლემური. რა თქმა უნდა, ისინი კიდევ ერთხელ შეეცდებიან, გააკეთონ რაღაცები, გაგვყონ, ერთმანეთს დაგვაპირისპირონ. ეს არ უნდა მოხდეს. ყველანი უნდა ვიყოთ ერთად, რადგან ეს აქციები ყველასია აბსოლუტურად და ყველანი ერთად რომ ვიდექით, ამიტომ ვიყავით ძლიერები.
მგონია, ხელისუფლება დაიხევს, თუ ასე გავაგრძელებთ. ასე მარტივი ეს არ არის. შევხედოთ სხვა ქვეყნებსაც, რომლებიც იბრძოდნენ დემოკრატიისთვის. არ იყო ადვილი, ერთ და ორ დღეში არ ხდებოდა, მაგრამ იქ საზოგადოებას ჰქონდა გადაწყვეტილი, რომ იბრძოდა დემოკრატიისთვის. დღეს ჩვენც ამისთვის ვიბრძვით, ევროპული საქართველოსთვის“, – განაცხადა ეკა გიგაურმა.