ეკა გიგაური - დაფიქსირდა, რომ გარკვეულმა პირებმა სახელისუფლებო პარტიისთვის გადარიცხული შემოწირულობის გამო, სარგებელი მიიღეს
იმ შემთხვევაში თუკი დადგინდა, რომ კონკრეტულად ტენდერი მოგებულ იქნა კონკრეტული კომპანიის მიერ იმის გამო, რომ მან შემოწირულობა განახორციელა მმართველი პარტიის სასარგებლოდ, ამ შემთხვევაში რა თქმა უნდა, უკვე სავარაუდო დანაშაულთან გვაქვს საქმე და ეს საგამოძიებო ორგანოებმა უნდა გამოიძიონ, – ამის შესახებ „საერთაშორისო გამჭირვალობა-საქართველოს” ხელმძღვანელმა ეკა გიგაურმა, ორგანიზაციის მიერ ჩატარებულ კვლევაზე საუბრისას განაცხადა.
ეკა გიგაურის თქმით, გამოიკვეთა ტენდენცია და ეჭვი, რომ შესაძლოა, ადგილი ჰქონდეს კორუფციულ გარიგებებს.
მესამე სექტორის წარმომადგენლის განცხადებით, კვლევისას დაფიქსირდა ფაქტები, გარკვეულმა პირებმა, სახელისუფლებო პარტიისთვის გადარიცხული შემოწირულობის გამო, მიიღეს გარკვეული სარგებელი, სახელმწიფო უწყებებისგან.
„მაშინ, როდესაც ე. წ. დამთხვევები არის იმ ფაქტებთან დაკავშირებით, რაც უკავშირდება კონკრეტული პოლიტიკური პარტიის მიმართ შემოწირულობას და ამის შემდეგ, ეს პირები ფაქტობრივად იღებენ ან გამარტივებულ ტენდერში მონაწილეობას და იღებენ კონტრაქტებს სახელმწიფო სამსახურებიდან, ან იბრუნებენ გარკვეულ ქონებას, ან იღებენ სიმბოლურ ფასად კონკრეტულ ქონებას, ამ შემთხვევაში, ძალიან დიდი რისკი იმისა, რომ ეს იყო სპეციალურად გაკეთებული. ზუსტად ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ ეს კონკრეტული ფაქტები შეისწავლოს შესაბამისმა სამსახურებმა. იმის გამო, რომ ეს არის კავშირში პოლიტიკური პარტიების დაფინანსებასთან, ამიტომ ძალიან დიდი რილი ეკისრება აუდიტის სამსახურს, თუმცა სხვა შესაბამისმა ორგანოებმაც უნდა შეისწავლონ“, – განაცხადა ეკა გიგაურმა.