ეკა გიგაური - ცესკო-ს თავმჯდომარის თანამდებობაზე არასამთავრობო სექტორს ამ ეტაპზე არ ჰყავს თავისი კანდიდატი, ყველაფერს გავაკეთებთ, რომ მართლაც ღირსეული კანდიდატები შეირჩეს
ცესკო-ს თავმჯდომარის თანამდებობაზე არასამთავრობო სექტორს ამ ეტაპზე არ ჰყავს თავისი კანდიდატი, თუმცა შესაძლოა, ჰყავდეს, მაგრამ ეს პროცესები ჯერ არ დაწყებულა. ვფიქრობ, აქ მთავარი არ არის ის, თუ რომელ ჯგუფს წარმოადგენს ეს ადამიანი, მთავარია, იყოს პროფესიონალი და პრინციპული, – ამის შესახებ „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ თავმჯდომარე ეკა გიგაურმა განაცხადა.
როგორც ეკა გიგაურმა აღნიშნა, ახლო მომავალში იგეგმება კომისიის შეხვედრა, რომელიც აირჩევს ცეკო-ს წევრებისა და თავმჯდომარის კანდიდატურებს.
„შევხედავთ, შიგნითაც როგორ განვითარდება პროცესები, რადგან ვხედავთ, რომ წევრები, რომლებიც არ წარმოადგენენ არასამთავრობო სექტორს, გაუგებარია, რა პრინციპით შეირჩა. გასაგებია, რომ ისინი უნივერსიტეტების წარმომადგენლები არიან, მაგრამ ერთი უნივერსიტეტიდან სამი რატომ არის წარმოდგენილი, ეს არ ვიცით. ვნახავთ, შიგნით როგორ განვითარდება პროცესები, რამდენად მიმართული იქნება კომისია და პრეზიდენტი იმისთვის, რომ ნამდვილად დამოუკიდებელი წევრები შეარჩიონ. თუ ეს იქნება მათი მიზანი, ბოლომდე ვიქნებით ამ პროცესში. ყველაფერს გავაკეთებთ, რათა მართლაც ღირსეული კანდიდატები შეირჩეს. არასამთავრობო სექტორს არ ჰყავს თავისი არც ერთი კანდიდატი. არ ვიცი, შესაძლოა, ჰყავდეს, მაგრამ ეს პროცესები ჯერ არ დაწყებულა. ვფიქრობ, აქ მთავარი არ არის ის, თუ რომელ ჯგუფს წარმოადგენს ეს ადამიანი, მთავარია, იყოს პროფესიონალი, პრინციპული, და გაუძლებს ყველანაირ ზემოქმედებას, საიდანაც უნდა მოდიოდეს – იქნება ეს მთავრობიდან თუ ოპოზიციიდან. მისი მთავარი მიზანი იქნება ქვეყნის მსახურება და სიმართლე“, – განაცხადა ეკა გიგაურმა.