ეკა გიგაური - ახალ სამთავრობო შემადგენლობაში თეა წულუკიანი არ უნდა დარჩეს
იუსტიციის სამინისტრო ექვსი წლის განმავლობაში არ იყო ეფექტური მართლმსაჯულების მიმართულებით,- ამის შესახებ „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ ხელმძღვანელმა, ეკა გიგაურმა ჟურნალისტებს, იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანის საქმიანობის შეფასებისას განაცხადა.
მისივე თქმით, საზოგადოებას ბევრი კითხვის ნიშანი რჩება სასამართლოს საქმიანობასთან დაკავშირებით.
ეკა გიგაური მთავარი პროკურორის დანიშვნის ახალ წესს აკრიტიკებს.
„დღესაც ჩვენ სასამართლოში გვყავს ჩინჩალაძის და მურუსიძისნაირი მოსამართლეები. მიუხედავად ოთხი ტალღის რეფორმისა, მაინც ვერ მოხერხდა ასეთი მოსამართლეების გაშვება სასამართლოდან. პროკურატურის რეფორმასთან დაკავშირებითაც გვქონდა კითხვები, რადგან რეფორმა პრაქტიკულად არ ჩატარებულა. შეიცვალა მხოლოდ მთავარი პროკურორის დანიშვნის წესი, თუმცა ეს წესიც არ არის შესაბამისი და საზოგადოება ამ პროცესში ჩართული არ არის. დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმის შექმნის რეფორმაც ჩავარდა, რადგან მექანიზმი, რომელსაც გვთავაზობს იუსტიციის სამინისტრო, ვერ გამოიძიებს სამართალდამცველი ორგანოების მხრიდან კანონდარღვევის ფაქტებს“,- განაცხადა გიგაურმა.
როგორც ეკა გიგაური ამბობს, ახალ მინისტრთა კაბინეტში თეა წულუკიანი არ უნდა დარჩეს.
„იუსტიციის სამინისტროში გვაქვს პრობლემატური ტენდენცია, რადგან იგი არ ასრულებს სასამართლოს გადაწყვეტილებებს. ამ ყველაფრის გამო, ვფიქრობთ, რომ ახალ სამთავრობო შემადგენლობაში ქალბატონი თეა არ უნდა დარჩეს და მისი ადგილი უნდა დაიკავოს ადამიანმა, რომელიც რეფორმების ეფექტურად ჩატარებაზე იქნება ორიენტირებული“,- განაცხადა ეკა გიგაურმა.