ეკა დგებუაძე - საჯარო და კერძო სკოლები 15 სექტემბრამდე ინსპექტირების სამსახურის მიერ შემოწმდებიან
საჯარო და კერძო სკოლები 15 სექტემბრამდე ინსპექტირების სამსახურის მიერ შემოწმდებიან, – ამის შესახებ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ, ეკა დგებუაძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.
მისი თქმით, სასწავლო პროცესის დაწყების გადადება არ იგეგმება.
„დღეს უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე განხილული იყო ახალი სასწავლო წლის დაწყების საკითხი. ასევე, განხილული იყო ქვეყანაში არსებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა და ყოველივე აღნიშნულიდან მიღებული იქნა კიდევ ერთხელ გადაწყვეტილება, რომ 15 სექტემბერს დაიწყება სასწავლო წელი. სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებით მოგეხსენებათ განათლების სამინისტრომ გააკეთა განცხადება – შემუშავებულია სავალდებულოდ შესასრულებელი რეკომენდაციები, რომელიც ჯანდაცვის მინისტრის მიერ არის დამტკიცებული და შესაბამისი რეკომენდაციების შესრულებასთან დაკავშირებით საჯარო და კერძო სკოლებს დაწყებული აქვთ სასწავლო პროცესის ორგანიზება.
არსებული რეკომენდაციების ფარგლებში განსაზღვრულია, ასევე ეპიდ-მდგომარეობიდან გამომდინარე ყველა სავალდებულო აღჭურვა სკოლებისთვის, რომელიც დღეს სახელმწიფომ უკვე უზრუნველყო, რომლის შესყიდვაც უკვე დასრულებულია და მიმდინარეობს სკოლებში სავალდებულოდ საჭირო ნივთების და აღჭურვილობის უზრუნველყოფა. 10 სექტემბრისთვის ყველა სკოლა უზრუნველყოფილი იქნება პირბადეებით, დეზობარიერით, შესაბამისი სითხეებით, ასევე თერმოსკრინინგის აპარატებით და რაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სასწავლო წელი არ დაიწყება ისე, თუ 15 სექტემბრამდე ჯანდაცვის სამინისტროში არსებული ინსპექტირების სამსახური არ შეამოწმებს, როგორც ყველა საჯარო სკოლას, ასევე კერძო სკოლას და მხოლოდ მათი დასკვნის შემდეგ მოხდება სასწავლო პროცესის კონკრეტულ სკოლაში დაწყება“, – განაცხადა დგებუაძემ.