ეკა ბესელიამ იურიდიულ კომიტეტზე უმრავლესობის წარმომადგენლებს მიმართა - მე ნუ მევაჟკაცებით, რომ მაგარი ბიჭები ხართ
დიდად არ ვღელავ ამ პროცესზე, რადგან საჯარო გახდა და გამოჩნდა, რა ფასეულობებზე დგას ეს ყველაფერი, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის დამოუკიდებელმა დეპუტატმა, ეკა ბესელიამ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე განაცხადა, სადაც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის მიერ მომზადებულ კანონპროექტს დღეს პირველი მოსმენით განიხილავენ.
„ჯერ კიდევ უმრავლესობაში ყოფნის დროს დავსვი საკითხი, რომ გარედან შემოვიყვანოთ ადამიანები უზენაეს სასამართლოში, რადგან მცდელობა იყო იმის, რომ აკონტროლო პირველი და მეორე ინსტანცია, იუსტიციის საბჭო მთლიანად აიღოს კონტროლის ქვეშ ერთმა ჯგუფმა და ახალ მოინდომო ის, რაც მოინდომეს დეკემბერში, თუმცა ვერ მიიღეს. ვინც კანონპროექტს ხელი მოაწერა, რომელი ჰგავს იმ ადამიანს, ვინც 10-კაციან სიას შეაჩერებდა. რომელი იყო ის ვაჟკაცი ადამიანი, მე არ მახსოვს, არ მინახავს, სად იყო ეს თქვენი ვაჟკაცური ხმა, არ გამიგია და იქნებ აუხსნათ საზოგადოებას, აინტერესებს. დღეს რომ რიხიანად გველაპარაკებით, გაჩუმდით მაინც ამ თემაზე. სადაც მე ვზივარ, იქ მაინც უხერხულობა იგრძენით და ნუღარ მელაპარაკებით ამაზე“, – განაცხადა ეკა ბესელიამ.
ეკა ბესელიამ კომიტეტის სხდომაზე კანონპროექტთან დაკავშირებით დავით მათიკაშვილს, ანრი ოხანაშვილსა და მამუკა მდინარაძეს მიმართა.
„მეხსიერებაზე ლიბრი გადამეკრა, რომ ვერაფრით ვერ გავიხსენე, სად ხდებოდა ეს ბრძოლის პოლიგონი, რომ ვერ დავინახე. „ქართუს“ საქმეებზე სასამართლოში პროცესებს რომ ვაწარმოებდი 2011 წელს, „ქართუს“ არც ერთი იურისტი არ გამოვიდა სათანამშრომლოდ და სად იყავით ასე ინკოგნიტოდ ჩადრჩამოფარებულები, რომ ვერავინ ვერ დაგინახათ და დაგიმახსოვრათ. ახლა ხომ ხართ სამზეოზე გამოსული, ახლა გაბედეთ და რომელიმე პრინციპული შენიშვნა გაითვალისწინეთ და გაიზიარეთ. მე კი ნუ მევაჟკაცებით, რომ მაგარი ბიჭები ხართ. აგერ არის ბურთი და მოედანი. თქვენ ხართ ის ადამიანები, რომლებიც სიას კი ვერ აჩერებს, იმ სიას ფიანდაზად გაეგებოდა, მაგრამ მადლობა ღმერთს, რომ ისე ვერ დამთავრდა, როგორც ვიღაცებს უნდოდათ და ვერც ისე დამთავრდება, როგორც ვიღაცებს ახლა ჰგონიათ, რომ დამთავრდება“, – განაცხადა ეკა ბესელიამ.