ეკა ბესელიამ და ლევან გოგიჩაიშვილმა პარლამენტში პლაკატი გადმოფინეს წარწერით „კლანი უნდა წავიდეს“
საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, სადაც უზენაესი სასმართლოს მოსამართლეობის კანდიდატების არჩევის წესთან დაკავშირებულ კანონპროექტს მეორე მოსმენით განიხილავენ, დეპუტატებმა ეკა ბესელიამ და ლევან გოგიჩაიშვილმა პლაკატი გადმოფინეს წარწერით „კლანი უნდა წავიდეს“.
„მთავარი კითხვა მაქვს, მეორე მოსმენის დროს, პრინციპების შეცვლა რომ არ არის შესაძლებელი, რომელი ჩანაწერით, მუხლითა და კონკრეტული ფორმულირებით თვლით, რომ შესაძლებელია, მეორე მოსმენის ტექსტში შეიცვალოს „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონპროექტის პრინციპი და პრინციპია მათ შორის გამოცდის ჩატარების საკითხიც“, – განაცხადა ეკა ბესელიამ.
საპარლამენტო უმრავლესობამ ვენეციის კომისიის რეკომენდაციებიდან გამომდინარე, „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონპროექტში შესწორებები შეიტანა.
ვენეციის კომისიამ მოსამართლეთა შერჩევის კანონპროექტთან დაკავშირებით რეკომენდაციები 16 აპრილს გამოაქვეყნა.