ეკა ბესელია აცხადებს, რომ ნიკა მელიას საქმეზე პოლიტიკური მოტივაციის შესახებ კითხვის ნიშნები არსებობს
დამოუკიდებელი დეპუტატის ეკა ბესელიას განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრ ნიკა მელიას მიმართ 2013 წელს დაწყებული სისხლის სამართლის საქმესთან და სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის თაობაზე პროცედურასთან დაკავშირებით, პოლიტიკური მოტივაციის შესახებ კითხვის ნიშნები არსებობს.
„ამ საქმეში და პროცედურებში უკვე იმდენად ბევრი კითხვის ნიშანია პოლიტიკური მოტივაციის, რომ ძალიან რთულია, ამას „ქართული ოცნება“ გაუმკლავდეს. რატომ დასჭირდა 2013 წელს დაწყებულ სისხლის სამართლის საქმეს 2019 წლამდე სასამართლო პროცესები. ამისთვის ექვსი წელი რატომ იყო საჭირო. რატომ იყო, რომ პერიოდულად ამ საქმეს აძინებდნენ და შემდეგ აღვიძებდნენ იმის მიხედვით, პოლიტიკურად რამდენად იყო აქტუალური. ეს ერთი ძალიან მძიმე კითხვაა, რომელიც სასამართლოს თავზე, როგორც დამოკლეს მახვილი ისე ჰკიდია“,- განაცხადა ეკა ბესელიამ.
ბესელიას თქმით, ვიდრე ქვეყანაში არსებულ ყველა ინსტანციის სასამართლოს მოცემულ საქმეზე საბოლოო ვერდიქტი არ გამოუტანია, ნიკა მელიასთვის დეპუტატის უფლებამოსილების შეწყვეტაზე მსჯელობა არასწორია.
„მეორე, ეს არის განაჩენის შემდგომ ვადაზე ადრე უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხი. ჯერ არ დასრულებულა ქვეყნის შიგნით ყველა ინსტანციის სასამართლოს მიერ ამ საქმეზე საბოლოო ვერდიქტი. ზემდგომმა ინსტანციამ რომ თქვას, განაჩენი არის უსამართლო და გაამართლოს, პარლამენტი რომ მას ვადაზე ადრე გააძევებს, შემდეგ რას იზამს, უკან დააბრუნებს და ვინც მის ნაცვლად შემოვა, იმას უკან გაიწვევს? ეს ხომ აბსოლუტური ანომალია იქნება. ფულადი კომპენსაცია არ არის საპირწონე იმისა, რომ მართლმსაჯულების განხორციელებას ხელი შეუშალო. გაცილებით უფრო მნიშვნელოვანია, დაელოდო, ვიდრე მართლმსაჯულება დასრულდება და გადაწყვეტილება შემდეგ მიიღო“ ,- განაცხადა ეკა ბესელიამ.
რეგლამენტის გათვალისწინებით, ნიკა მელიასთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტას სულ მცირე 76 დეპუტატის მხარდაჭერა დასჭირდება.