ეკა ბესელია - ვფიქრობ, გავრცელებულ ჩანაწერებზე პარლამენტმა ინფორმაცია უნდა მიიღოს პროკურატურისა და იუსტიციის სამინისტროს მხრიდან
ეკა ბესელია - ვფიქრობ, გავრცელებულ ჩანაწერებზე პარლამენტმა ინფორმაცია უნდა მიიღოს პროკურატურისა და იუსტიციის სამინისტროს მხრიდან

საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ პარლამენტმა შესაძლოა, მირზა სუბელიანისა და ვიქტორ ჯაფარიძის ჩანაწერების თაობაზე მთავარი პროკურატურისა და იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენლებს მოუსმინოს.

ჟურნალისტებთან საუბრისას პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ეკა ბესელიამ მთავარ პროკურორ შალვა თადუმაძესთან გუშინ გამართულ შეხვედრაზე ისაუბრა. ბესელიამ აღნიშნა, რომ შეხვედრაზე საუბარი ინფორმაციის წარდგენის ფორმატსაც შეეხო.

„გუშინ მთავარ პროკურორს ჩემი ინიციატივით შევხვდი. ეს დაგეგმილი შეხვედრა იყო, სადაც „პროკურატურის შესახებ“ კანონპროექტზე ვიმსჯელეთ. საუბარი ამ თემაზეც მქონდა, თუმცა ჯერ ძალიან ადრეა, რომ საქმის გარემოებები და დეტალები საზოგადოებისთვის ცნობილი იყოს, რადგან გამოძიება ინტენსიურად მიმდინარეობს და ყველა ის პირი იკითხება, ვისაც შეიძლება საქმესთან უშუალო შემხებლობა ჰქონდეს.

ფორმატი მოფიქრებული იქნება, როგორ შეიძლება პარლამენტმა ინფორმაცია მიიღოს, რადგან საქმე პარლამენტის წევრს ეხება, რომელიც ამ საუბრის მონაწილეა. გარკვეული ფორმატი იქნება დასაგეგმი, რითაც შესაძლებელი იქნება, პარლამენტმა ინფორმაცია მოისმინოს მას შემდეგ, რაც გამოძიებას საშუალება ექნება, გარკვეული სურათი და შეფასება შემოგვთავაზოს, რა დაადგინა ამ ყველაფრიდან.

ვფიქრობ, რომ პარლამენტმა ინფორმაცია უნდა მიიღოს პროკურატურისა და იუსტიციის სამინისტროს მხრიდანაც. ვინ წარმოადგენს და როდის იქნება მზად, ეს იქნება დამოკიდებული გამოძიების შედეგებზე“, – განაცხადა ეკა ბესელიამ.