ეკა ბესელია - ვეკითხები იურიდიული კომიტეტის წევრებს, ვინც მხარი არ დაუჭირა ინიციატივას, თემიდას თვალი რატომ აქვს ახვეული, იცით?
მოსამართლე არის მსაჯული, რომელსაც მიწაზე გამოაქვს განაჩენი საქართველოს სახელით და მინდა, ვკითხო იურიდიული კომიტეტის წევრებს, ვინც მხარი არ დაუჭირა ინიციატივას, თემიდას თვალი რატომ აქვს ახვეული, იცით? და სამართლიანობა აქსესუარი არ არის, მოირგო ისე, როგორც გინდა, – ასე მიმართა დეპუტატმა ეკა ბესელიამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დეპუტატებს მოსამართლეების უვადოდ დანიშვნის შეჩერების შესახებ კანონპროექტის განხილვისას.
როგორც ეკა ბესელიამ აღნიშნა, პროცესი, რომელიც კანონპროექტის განხილვას ახლავს თან, არაჯანსაღია და აკლია დისკუსია.
მისივე თქმით, საინტერესოა, რატომ არ გაუჩნდა არც ერთ ფრაქციას სურვილი, შიდა დისკუსია მოეწყო ინიციატივაზე და რატომ არავის გაუჩნდა სურვილი, ამ საკითხზე რაღაც ფორმატი შეემუშავებინა.
„როდესაც განცხადება ვრცელდება ისე, რომ არ ველაპარაკებით ინიციატორებს, საკუთარ კოლეგებს ამ ინიციატივის შესახებ, ჯანსაღი პროცესი არ არის. რა ხდება ამ ცვლილების მიღმა, ის ხდება, რაც იმ დღეს ვთქვი უმრავლესობის სხდომაზე, რომ ეს არის იდეა. კონსტიტუციის მეორე მუხლი გვაძლევს ამის შესაძლებლობას და იმ ერთი ჟესტიკულაციის გარდა, რაც მახსოვს კარგად, ხმამაღლა არავის უთქვამს, რომ ეწინააღმდეგება ამ იდეას, რატომ? იმიტომ, რომ საზოგადოებაც ეთანხმება. რა არის კანონი, კანონი არის პოლიტიკისა და ზნეობის ნაჯვარი. ვინ არიან ეს უვადოდ დანიშნული მოსამართლეები და კითხვაზე, რა ეშველებათ იმათ, ვინც უკვე უვადოდ დაინიშნა, ვკითხოთ ხალხს. თუ მოსწონთ, რომ კონსტიტუციაში ეწეროს მოსამართლეთა უვადოდ განწესება. თუ არ მოსწონთ, უნდა შეიცვალოს კონსტიტუციური ნორმა. ვინც ახლა ინიშნება და ინიშნება ამ განხილვების პარალელურ რეჟიმში, არის თუ არა ეს ამ პროცესის მიმართ ჯანსაღი დამოკიდებულება და მინიმალური პატივისცემა პარლამენტის მიმართ. ეს რატომ არ აწუხებთ იმ კოლეგებს, რომლებიც ზრუნავენ, საბჭოს ნერვები არ აეშალოს“, – განაცხადა ეკა ბესელიამ.
მისივე თქმით, როდესაც პარლამენტში განიხილება მნიშვნელოვანი საკითხი და რვა მოსამართლეს ამწესებენ უვადოდ, ეს არის ინსტიტუტის უპატივცემულობა.
„სწორედ ძალადობრივი რეჟიმის მსახურები იყვნენ ეს მოსამართლეები და არასოდეს დავეთანხმები იმ თეზისს, რომ ისინი იყვნენ მსხვერპლნი. იყვნენ მსახურნი, მთავარი მსახურნი. მოსამართლე არის მსაჯული, რომლესაც მიწაზე გამოაქვს განაჩენი საქართველოს სახელით და მინდა, ვკითხო სწორედ იურიდიული კომიტეტის იმ წევრებს, ვინც მხარი არ დაუჭირა ამ ინიციატივას – თემიდას თვალი რატომ აქვს ახვეული, იცით? და სამართლიანობა აქსესუარი არ არის, მოირგო ისე, როგორც გინდა. მხარს დავუჭერ რეზოლუციას და მიმაჩნია, რომ იმ ძალადობრივი რეჟიმის მსახურები დიახ, არ უნდა იყვნენ უვადოდ გამწესებული და დემოკრატიულად უნდა მომხდარიყო მათი ცვლა. ამას ემსახურებოდა ეს პაუზაც. ჩვენ კი არ უნდა გადავნიშნოთ ეს ხალხი ავტომატურად, უვადო რეჟიმში, არამედ 2020 წლამდე რეფორმები და ცვლილებები განვახორციელოთ. ეს რეალობა გვაქვს დღეს, თუ არავინ არ გავყარეთ თავის დროზე სასამართლო სისტემიდან და არ მოვიქეცით ისე, როგორც სააკაშვილი მოექცა მოსამართლეებს, ეს იმას არ ნიშნავდა, რომ თვალი უნდა დაგვეხუჭა ამ პროცესზე, რაც ხდებოდა უვადოდ დანიშვნების დროს“, – განაცხადა ეკა ბესელიამ.