ეკა ბესელია უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა არჩევის საკითხზე პარლამენტს ახალ ინიციატივას შესთავაზებს
ეკა ბესელია მიმდინარე კვირას პარლამენტს ახალ საკანონმდებლო ინიციატივას შესთავაზებს, რომელიც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა არჩევას ეხება. ამის შესახებ ეკა ბესელიამ პლენარულ სხდომაზე განაცხადა.
„ეს კანონპროექტი ეხება იმ სტანდარტს, როგორ უნდა იყოს პარლამენტში არჩეული უზენაესი სასამართლოს მოსამართლეები, როგორი უნდა იყოს პროცესი და ყველა სტანდარტი, რომლითაც ადამიანებს ექნებათ განცდა, რომ ქვეყანაში შეიძლება არსებობდეს პოლიტიკური ნება, რომლითაც მართლმსაჯულების მიმართ დამოკიდებულება იქნება მაღალი პასუხისმგებლობით განპირობებული და არა ისეთი, როგორი უნდა ეს იუსტიციის საბჭოს უმრავლესობის წარმომადგენლებს, იმ წევრებს, რომლებიც წერენ კანონპროექტს. იმედი მაქვს, რომ ინიციატივა, რომელსაც ჩვენ შემოგთავაზებთ, შეუერთდება ძალიან ბევრი კოლეგა“, – განაცხადა ეკა ბესელიამ.
დეპუტატის განცხადებით, მისი ინიციატივა ეფუძნება ევროკავშირის, ევროპის საბჭოს, ამერიკის საელჩოს, საერთაშორისო ორგანიზაციების, ჩვენი იურიდიული პროფესიის წარმომადგენლების, ასევე ადვოკატთა ასოციაციას, იურიდიული ფირმების გაერთიანებას.
„ჩვენ შევთანხმდით და ამ კანონპროექტის სულისკვეთება ეფუძნება საჯაროობას, ღიაობას, პარლამენტის გადამწყვეტ ფუნქციას და მანდატს. იმედი მაქვს, რომ ამ ინიციატივას ეყოლება არა მხოლოდ ბევრი მხარდამჭერი ხელმომწერის სახით, არამედ მხარდამჭერი მისი განხილვის დროს“, – განაცხადა ეკა ბესელიამ.