ეკა ბესელია - თუკი შრომის უსაფრთხოების კუთხით საჭიროა რამე გადაწყვეტილება, ამისთვის მზად ვართ
თუკი შრომის უსაფრთხოების კუთხით საჭიროა რამე პრევენციული, ნებისმიერი საკანონმდებლო თუ აღმასრულებელ დონეზე მისაღები გადაწყვეტილება, ამისთვის სრული მზაობა გვაქვს, – ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ეკა ბესელიამ ტყიბულში მინდელის შახტაში მომხდარ შემთხვევაზე საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, მმართველ გუნდში ერთსულოვანი პოზიციაა და არავინ იმის წინააღმდეგი არ არის, რომ კანონით პრევენციული ზომები მაქსიმალურად იყოს დაცული.
“მინდა დაღუპულთა ოჯახის წევრებს სამძიმარი გამოვუცხადო. რაც დღეს მოხდა, ყველა ჩვენგანისთვის უმძიმესი ტრაგედიაა. ველოდებით, ამ ტრაგიკული შემთხვევის მიზეზები გავიგოთ. თუკი საჭიროა რაიმე პრევენციული, ნებისმიერი სხვა საკანონმდებლო თუ აღმასრულებელ დონეზე მისაღები გადაწყვეტილება, ამისთვის სრული მზაობა გვაქვს. თავისთავად მძიმე ფაქტია, როდესაც ასეთ ფაქტს სიცოცხლე ეწირება, ამაზე უფრო მძიმე არაფერია. საკანონმდებლო ორგანოში შრომის უსაფრთხოებაზე მსჯელობა იყო. ჩვენ ერთსულოვანი პოზიცია გვაქვს. არავინ იმის წინააღმდეგი არ იყო, რომ კანონში პრევენციული ზომები მაქსიმალურად დაცული იყოს და ამას მხარი ჩვენც დავუჭირეთ. ამიტომ ახლა საჭიროა, დავინახოთ მიზეზების პირველადი მონაცემები მაინც, რა შეიძლება გაკეთდეს”, – განუცხადა ჟურნალისტებს ეკა ბესელიამ.