ეკა ბესელია - თუ შინაგან საქმეთა მინისტრი ვერ ახერხებს, ცალკეული პირების უკანონო მოქმედება შეაჩეროს, ესე იგი, უწყებას ვერ მართავს
თუ შინაგან საქმეთა მინისტრი ვერ ახერხებს, ცალკეული პირების უკანონო მოქმედება შეაჩეროს, ესე იგი, უწყებას ვერ მართავს, – ამის შესახებ ჟურნალისტებს დამოუკიდებელმა დეპუტატმა, ეკა ბესელიამ განუცხადა.
მისი თქმით, პოლიტიკური პასუხისმგებლობა ასაღებია ასეთ შემთხვევაშიც და იმ შემთხვევაშიც თუ არ აჩერებს მინისტრი უკანონო მოქმედებებს, თუმცა გამოძიებამ უნდა გაარკვიოს, რა დოზით.
ამასთან, ეკა ბესელია მიიჩნევს, რომ გამოძიებაში ის უწყება არ უნდა ერეოდეს, რომლის მიმართაც კითხვები არსებობს.
როგორც დეპუტატმა აღნიშნა, 20 ივნისის ღამეს განვითარებულ პროცესებზე პოლიტიკური პასუხისმგებლობა და სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა არსებობს.
„ვფიქრობ, ორივე პასუხისმგებლობა დაგვიანდება. უწყების ხელმძღვანელის მხრიდან პოლიტიკური პასუხისმგებლობის აღება მყისიერად უნდა მოჰყოლოდა, ხოლო რაც შეეხება სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას, არ არის საკმარისი, რომ უფლებამოსილება შეუჩერდა რამდენიმე ადამიანს. საუბარია, რომ სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნები შესაძლოა, ორი პირის მიმართ იყოს, თუმცა ვნახეთ კადრები, სადაც გაცილებით მეტი სპეცრაზმელი და ძალოვანი უწყების თანამშრომელი კანონის მიღმა მოქმედებს, ანუ, ისეთი მეთოდებით, რაც დანაშაულის ნიშნებს შეიცავს. მგონი, დაგვიანდა ამ პირებისთვის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის გამოყოფა“, – განაცხადა ბესელიამ.
მისი შეფასებით, არც მმართველი გუნდის პოზიციაა სწორი, რომ მას შემდეგ დადგება პოლიტიკური პასუხისმგებლობა, თუ სისტემური დანაშაული გამოვლინდება.
„სისტემაში სისტემური დანაშაული სრულ კრახს ნიშნავს. უწყების ხელმძღვანელმა პოლიტიკური პასუხისმგებლობა იქამდეც უნდა აიღოს, როგორი რთული არ უნდა იყოს. არასწორია დეპუტატების პოზიციაც, რომლებიც პირველი დღიდან სამინისტროსა და მინისტრის მოქმედებებს იცავენ. რა არის საპარლამენტო კონტროლი და როგორ უნდა განახორციელო თუ დასაწყისში ამბობ, რომ ყველაფერი სწორად მოხდა“, – განაცხადა დამოუკიდებელმა დეპუტატმა.
ეკა ბესელიას შეფასებით, 20 ივნისის ღამეს ადამიანის უფლებები მძიმე ფორმებით დაირღვა.
„უცნაურ რამესთან გვაქვს საქმე. სრულიად გაუგებარია არგუმენტი, რომ ცალკეული პირები თითქოს თვითნებურად და ბრძანების გარეშე მოქმედებდნენ. მაშინ, სად იყო პასუხისმგებელი პირი, მინისტრი ან მისი მოადგილე, ადგილზე მყოფი ხელმძღვანელი პირები და ეს პროცესი რატომ არ შეაჩერეს? თუ თვითნებობა იყო, მისი შეჩერების ბერკეტები ხელმძღვანელ პირს აქვს. რატომ არ მოხდა, პასუხები ვერ მივიღეთ. დასახიჩრების ბრძანება არ გაიცემოდა და ამ აზრისგან შორს ვარ, მაგრამ იმიტომ გვაქვს კითხვები, რომ ამის დაშვება მოხდა და ეს პროცესი არავინ შეაჩერა“, – აცხადებს ეკა ბესელია.
დამოუკიდებელი დეპუტატი მიიჩნევს, რომ ნორმალურ ქვეყანაში ამ საქმის შესწავლის მიზნით სპეციალური კომისია შეიქმნებოდა.
„ჰოლანდიის ელჩის განცხადება აბსოლუტურად სწორი იყო, რადგან ნორმალურ ქვეყანაში კომისია შეიქმნებოდა და პარლამენტი ინიციატივით უნდა გამოსულიყო, რომ სპეციალური სამუშაო კომისია შექმნილიყო, რომელიც 20 ივნისის წინმსწრებ და შემდეგ მოვლენებსაც შეისწავლიდა, მაგრამ თუ პარლამენტი იტყვის, რომ ყველაფერი სწორად მოხდა, როგორი კონტროლი უნდა განხორციელდეს, ვინ დააშავა და რა დოზით“, – განაცხადა ეკა ბესელიამ.