ეკა ბესელია - შსს-სა და პროკურატურისგან ერთ თვეში კითხვებზე პასუხებს თუ ვერ მივიღებ, თავად დავარქმევ სახელს ამ ყველაფერს
შინაგან საქმეთა სამინისტროსა და პროკურატურისგან ერთ თვეში კითხვებზე პასუხებს თუ ვერ მივიღებ, მე თავად დავარქმევ სახელს ამ ყველაფერს, – ასე გამოეხმაურა დეპუტატი ეკა ბესელია პირადი ცხოვრების კადრების გავრცელების მორიგ ფაქტს.
როგორც ეკა ბესელიამ აღნიშნა, პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელების შესახებ შსს-მ მისგან გაიგო.
„პერსონალური თავდასხმების შტურმის ფონზე ეს თემა ისევ გააქტიურდა უკანონო ჩანაწერები გავრცელება. ესეც შემთხვევით ხდება? მინდა, კითხვებზე პასუხი შინაგან საქმეთა სამინისტროსა და ხელისუფლების მხრიდან. როცა მედიამ ამის თაობაზე მითხრა, შს სამინისტროს დავუკავშირდი, ეს ფაქტი ვაცნობე, მათ არ ჰქონდათ ეს ინფორმაცია, ჩემგან გაიგეს. ჩემგან რატომ გაიგეს? ქვეყანაში მოქალაქეები უფრო მეტად დაცულები უნდა იყვნენ თუ არა. ჩემს დაცვაზე ნაკლებად იზრუნონ, რადგან „ნაციონალების“ დროს მიჩვეული ვარ პერსონალურ შტურმს, ბევრი რამ გავიარე, ამაში გამოწრთობილი ვარ და ახლა შტურმს საკუთარი პარტიისგან ვხედავ, ამასაც გავივლი, ამის პასუხსაც მიიღებენ. ჩემი მოქალაქეების ბედი მადარდებს, რადგან არც ერთი მათგანი დაცული არ არის“, – განაცხადა ეკა ბესელიამ.
მისივე თქმით ამ დრომდე არ არის პასუხი გაცემული კითხვაზე, ვინ იყო დამკვეთი, ვინ იყო ორგანიზატორი, ვინ დაიწყო მორალური ტერორის განხორციელება, როცა უკანონო ჩანაწერები გავრცელდა.
როგორც ბესელია აცხადებს, პატარა გოგო-ბიჭების დატერორება და ციხეში ჩაყრა მისი თვითმიზანი არ არის.
„აქამდე არ ან ვერ არის ნაპოვნი დამკვეთი, ველოდები პირველ საქმეზე დამკვეთსა და ორგანიზატორს. თუ დაახლოებით ერთ თვეში კითხვებზე პასუხებს ვერ მივიღებ შინაგან საქმეთა სამინისტროსა და მთავარი პროკურატურისგან, მე თვითონ დავარქმევ სახელს რა ჰქვია ამ ყველაფერს. მათგან პასუხებს ველოდები“, – განაცხადა ეკა ბესელიამ.
მისივე თქმით, ჩანაწერების გავრცელება ცხადყოფს, რომ დღეს ადამიანის პირადი სივრცე დაუცველია.
„დროა, პასუხისმგებლობა აიღონ, თუ ვერ იძიებენ, რატომ ვერ იძიებენ, თუ არ იძიებენ და დამნაშავე პირებს ვერ ავლენენ, რატომ? არ მგონია, რომ ერთმანეთს რაღაცები ემთხვევა, შემთხვევითი იყოს. რაც უფრო ძლიერდება ჩემ მიმართ პერსონალური შეტევები, მით უფრო ძლიერდება ჩემი შინაგანი სიმტკიცე. ბრძოლაში უკან არასდროს ვიხევ“, – განაცხადა ეკა ბესელიამ.