ეკა ბესელია - შს მინისტრი არ ერევა საარჩევნო პროცესში, თუმცა ვალდებულია, მოსახლეობის უსაფრთხოება და საზოგადოებრივი წესრიგი დაიცვას
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია აცხადებს, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი გახარიას შეხვედრები მნიშვნელოვანია, რათა მინისტრი საარჩევნო პროცესში ადგილზე ეცნობოდეს სამინისტროს წარმომადგენლების მუშაობას.
როგორც ბესელიამ განაცხადა, შს მინისტრი არ ერევა საარჩევნო პროცესში, თუმცა ვალდებულია, მოსახლეობის უსაფრთხოება და საზოგადოებრივი წესრიგი დაიცვას.
„ამ მხრივ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს პოლიციის მზადყოფნას, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ბოლო წლებში ვხედავთ, რამდენად დისტანცირებულია და იცავს პოლიცია პოლიტიკურ ნეიტრალიტეტს. მინისტრის ჩასვლა და ადგილზე სტრუქტურის მუშაობის გაცნობა მხოლოდ ეხმარება, რომ პროცესი კიდევ უფრო სტაბილურად გაგრძელდეს“, – განაცხადა ეკა ბესელიამ.
შს მინისტრი გიორგი გახარიამ გუშინ ზუგდიდში სამეგრელო-ზემო სვანეთის მუნიციპალიტეტების მერებთან, საკრებულოს თავმჯდომარეებთან და მაჟორიტარ დეპუტატებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ შსს არჩევნებისთვის უზრუნველყოფს მშვიდ და უსაფრთხო გარემოს, ამასთან, აღნიშნა, რომ პოლიცია იქნება ყველა ადამიანის უფლებების დამცველი და ყველა კანონდარღვევა პოლიციის მხრიდან იქნება აღკვეთილი.