ეკა ბესელია - შორს ვარ აზრისგან, რომ მეუფე იაკობი ვინმეს დავალებით მოქმედებს
დამოუკიდებელი დეპუტატი ეკა ბესელია მეუფე იაკობის განცხადებებს ეხმაურება. ბესელიას თქმით, მეუფე იაკობი 2012 წლის ოქტომბრამდე ბიძინა ივანიშვილის მოძღვარი იყო.
მისივე თქმით, საქმე სახელმწიფოსთვის ძალიან მგრძნობიარე, რთულ საკითხს ეხება და მეუფე იაკობის განცხადება საყურადღებოა.
ბესელიას განმარტებით, შორსაა იმ აზრისგან, რომ იაკობი ვინმეს მითითებით მოქმედებს.
„მეუფე იაკობი ბიძინა ივანიშვილის მოძღვარი იყო. ზუსტ დროს ვერ ვიხსენებ, მაგრამ, სავარაუდოდ, 2012 წლის პირველ ოქტომბრამდე. არ ვთვლი, რომ
მეუფე იაკობის განცხადება არის გასაუბრალოებელი. საქმე სახელმწიფოსთვის ძალიან მგრძნობიარე, რთულ, მნიშვნელოვან საკითხს ეხება. მეუფე იაკობს ვიცნობ, მისი განწყობები და დამოკიდებულება ვიცი. იმ აზრისგან შორს ვარ, რომ რაღაც დავალებით მოქმედებს, ან ეს კონკრეტული ამოცანით ვინმემ სთხოვა, დაავალა, ან რაიმე სხვა მოტივაციით გადაწყვიტა ამ განცხადების გაკეთება. ის არის ქორეპისკოპოსი, იერარქიის ძალიან მაღალი სტატუსი აქვს. უნდა გავითვალისწინოთ, რომ მის ამ სიტყვებს განსაკუთრებულ მნიშვნელობას მისი სტატუსი სძენს”,- აღნიშნა ბესელიამ.
ამასთან, დეპუტატის განცხადებით, არ ფიქრობს, რომ პარლამენტი მეუფე იაკობის განცხადებების განხილვის, თუ ეპისკოპოსის დაბარების ადგილად უნდა გადაიქცეს.
„ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი სახელმწიფო და საჯარო ინტერესია. იქედან გამომდინარე, რომ საპატრიარქოსთან დაახლოებული მეც ვარ, მეუფე იაკობსაც ვიცნობ და შეიძლება, გარკვეული ინფორმაციის მატარებელიც ვარ, მიმაჩნია, ღია სივრცეში ამ თემებზე საუბარი საფრთხილოა. მნიშვნელოვანია, თავად პატრიარქი რას გადაწყვეტს და რა ფორმატში შეიძლება მსჯელობა. პატრიარქი თავად მიიღებს გადაწყვეტილებას სინოდის სხდომის თაობაზე. ამ თემებზე საუბრისთვის რაღაც ფორმატი უნდა მოიძებნოს, რადგან ეს საკითხი ღია ვერ დარჩება, ვინაიდან საუბარია უმაღლესი სახელმწიფო თანამდებობის პირებზე. ეკლესიასთან მიმართებაში გიორგი კვირიკაშვილის დამოკიდებულებაც ვიცი. მას ეკლესიასთან და საპატრიარქოსთან ახლო, თბილი ურთიერთობა აქვს. ასეთივეა მისდამი დამოკიდებულებაც, ამის შემსწრეც ვყოფილვარ. ვერაფერს გეტყვით გახარიაზე, რადგან არ ვიცი. ყველაფერს მონაწლე პირების მხრიდან დამაჯერებელი საუბარი და პოზიციების მოსმენა სჭირდება”,- განაცხადა ეკა ბესელიამ.
მეუფე იაკობი საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქორეპისკოპოსობიდან გადადგა.
როგორც მეუფე იაკობმა აღნიშნა, დღეს სპეციალურად მივიდა საპატრიარქოში, რადგან პატრიარქისთვის თავისი გადაწყვეტილების შესახებ ეცნობებინა.
შეგახსენებთ, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქორეპისკოპოსმა, მეუფე იაკობმა ორი დღის წინ განაცხადა, რომ მას პატრიარქის გადაყენებასთან დაკავშირებით „ეჩალიჩებოდნენ“.
ამ საკითხზე საუბრისას მეუფე იაკობმა აღნიშნა, რომ შეხვედრა მაშინდელი პრემიერ-მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის კაბინეტში შედგა, რომელსაც, მისივე თქმით, ვახტანგ გომელაური და გიორგი გახარია ესწრებოდნენ. აღნიშნული განცხადება დღეს მან კიდევ ერთხელ დაადასტურა.