ეკა ბესელია - შესაძლებლობა, რომ მმართველმა პარტიამ დათმოს საპრეზიდენტო თანამდებობა, დემოკრატიის სრულიად ახალი კულტურაა
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია მიიჩნევს, რომ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილს საპრეზიდენტო კანდიდატთან დაკავშირებით ძალიან საინტერესო პოზიცია აქვს.
როგორც ბესელიამ ჟურნალისტებს განუცხადა, შესაძლებლობა, რომ მმართველმა პარტიამ დათმოს საპრეზიდენტო თანამდებობა, დემოკრატიის სრულიად ახალი კულტურაა.
„ეს არის თამამი და გაბედული პოზიცია რომ საპრეზიდენტო კანდიდატი შეარჩიო არა შენი პარტიული კუთვნილებით, არამედ გაცილებით უფრო ფართო ხედვით და დემოკრატიისთვის სასარგებლო შედეგების მიხედვით მიიღო გადაწყვეტილება. მმართველი პარტიისთვის ის, რომ შეიძლება, დათმოს საპრეზიდენტო თანამდებობა და სხვა, დამოუკიდებელ კანდიდატს დაუჭიროს მხარი, ეს დემოკრატიის სრულიად ახალი კულტურაა“,-აღნიშნა ეკა ბესელიამ. ამასთან, მისივე თქმით, არასერიოზულია თქმა, რომ „მმართველი პარტია საპრეზიდენტო კანდიდატს ვერ იპოვის“. „დამოუკიდებელი კანდიდატის მხარდაჭერა არის სახელმწიფოებრივი და არა ვიწროპარტიული აზროვნება. მე ამას დავარქმევდი გაბედულ, თამამ ხედვას და მივესალმები. ჩვენ ბევრი ღირსეული კანდიდატი შეგვიძლია ვიპოვოთ საკუთარ გუნდში, მაგრამ ვიწოროპარტიულად არ ვიკეტებით და გაცილებით უფრო ფართო ჭრილში ვხედავთ დემოკრატიას. ეს მახარებს, მომწონს და მივესალმები“,-აღნიშნა ეკა ბესელიამ.
კითხვაზე, შეიძლება თუ არა, „ქართულმა ოცნებამ“ მხარი დაუჭიროს სალომე ზურაბიშვილის კანდიდატურას, ეკა ბესელიამ აღნიშნა, რომ „ამას არ გამორიცხავდა“.
პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილთან ექსკლუზიური ინტერვიუ პირველი არხის ეთერში, გადაცემაში – „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ გავიდა.