ეკა ბესელია - დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმის საკითხზე საკანონმდებლო პროცედურები უკვე დაწყებულია
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ეკა ბესელიას განცხადებით, საქართველომ სხვადასხვა ინდექსში პოზიციები 28 პუნქტით 2011 წლის შემდეგ გაიუმჯობესა.
ჟურნალისტებთან საუბარში ეკა ბესელია კორუფციის აღქმის ინდექსისა და Amnesty International-ის ანგარიშებს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ანგარიშების შედეგებს ყურადღებით აკვირდებიან.
მისი თქმით, Amnesty International-ის ანგარიშში ერთ-ერთი მთავარი საკითხი ისაა, რომ დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმი შეიქმნას.
„ეს საკითხი უკვე გადაწყვეტილია და საკანონმდებლო პროცედურები დაწყებულია. ეს განხილვები მალე დასრულდება და უახლოეს მომავალში ინსპექტორი გვეყოლება, რომელსაც დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმის აღსრულების კუთხით სპეციალური მანდატი ექნება. საქართველომ სხვადასხვა ინდექსში პოზიციები დაახლოებით 28 პუნქტით 2011 წლის შემდეგ გაიუმჯობესა. თუ კორუფციის ინდექსში 180 ქვეყნიდან საქართველო 2012 წელს 54-ე ადგილზე იყო, მან დღეს ბევრად უკეთესი პოზიცია დაიკავა და პოზიცია დაახლოებით 7-8 პროცენტით გაუმჯობესებულია. საქართველო უფრო წინ არის არა მხოლოდ რეგიონში როგორც ლიდერი ქვეყანა, არამედ ბევრ მეზობელ ქვეყანას გავუსწარით, მათ შორის კორუფციის ინდექსსა და რეფორმების კუთხით. დაახლოებით 46 სხვადასხვა პოზიციაა, რომლითაც საქართველომ აჩვენა, რომ ბოლო ხუთი წლის ტენდენციის შემდეგ, მას უკეთესი მაჩვენებელი აქვს, ვიდრე 2012 წლამდე ჰქონდა. ანუ, დინამიკა დადებითია”, – განაცხადა ბესელიამ.