ეკა ბესელია - საპროკურორო საბჭო არის კარგი შესაძლებლობა, პროკურატურისგან მოვისმინოთ ინფორმაცია ტენდენციების შესახებ
საპროკურორო საბჭო არის კარგი შესაძლებლობა, რომ პროკურატურის მხრიდან მოვისმინოთ ინფორმაცია ტენდენციების შესახებ, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ეკა ბესელიამ განაცხადა.
როგორც ეკა ბესელიამ აღნიშნა, კარგი შესაძლებლობაა, როდესაც პარლამენტი ისმენს ანგარიშს და შინაარსობრივადაც ბევრი საკითხის გაანალიზებაა შესაძლებელი.
“ვისმენთ, რა იცვლება, სად გვაქვს წინასწარი პატიმრობის გამოყენების შემცირება, აგრეთვე, არასრულწლოვანთა დანაშაულის კუთხით. ამ მხრივ არა მხოლოდ ციფრებს ვისმენთ, არამედ შინაარსობრივად არის საინტერესო, რა იკლებს, რა იცვლება და ტენდენციები რა არის. ჩემი ინტერესი და კითხვებიც სწორედ აქეთკენ იქნება მიმართული. კარგი შესაძლებლობაა, როდესაც სპეციალურ ანგარიშს ვისმენთ და მათ შორის ბევრი საკითხის გაანალიზება შეგვიძლია. ამ ფორმატში კონკრეტული საქმის შედეგების ან შინაარსის თაობაზე ინფორმაციის მოწოდება არ ხდება. ეს ის ფორმატი არ არის, სადაც კონკრეტული საქმეების განხილვაა შესაძლებელია. ეს მართებული არ იქნებოდა, ამით საპროკურორო საბჭოს მთავარი შინაარსი და მანდატი დაეკარგებოდა, მაგრამ თუ რამოდენიმე საქმიდან გამომდინარე რაღაც ტენდენცია არსებობს, რომელზეც მეტი ინფორმაციის მიღება საჭიროა, ჩვენ ამის შესაძლებლობა გვაქვს”, – განაცხადა ეკა ბესელიამ.