ეკა ბესელია საპარლამენტო უმრავლესობას - სად იყავით, თქვენ იქ უნდა დამდგარიყავით და გადაფარებოდით ბავშვებს, ვისაც თვალები დათხარეს
სად იყავით თქვენ მაშინ, კაბინეტში? იქ უნდა დამდგარიყავით და გადაფარებოდით ბავშვებს, ვისაც თვალები დათხარეს, – ასე მიმართა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე საპარლამენტო უმრავლესობას დეპუტატმა ეკა ბესელიამ.
როგორც ეკა ბესელიამ აღნიშნა, დღეს მმართველი პარტია ხალხის პირისპირ აღმოჩნდა.
„მივმართავ „ქართული ოცნების“ იმ წევრებს, ვისაც მივიჩნევ ჯერ კიდევ იმ ადამიანებად, ვისაც აქვს განცდა, რას ნიშნავს ადამიანის უფლებები და სამართლიანობა, ვისაც უბრძოლია, გაუვლია 7 ნოემბერი, 26 მაისი და ბევრი სხვა რამე. თქვენ მართლა ვერ ვხვდებით, რა ხდება ქვეყანაში? თქვენს პირისპირ დადგნენ არ ის ადამიანები, ვინც ახლა დარბაზიდან გავიდნენ და მათთან ჭიდილში რომ ზომავთ ძალებს. თქვენ ვერ ხვდებით, რომ ხალხის პირისპირ აღმოჩნდა მმართველი პარტია? მაინტერესებს, იმ ადამიანებს ვეკითხები, ვინც იდგა ქუჩაში და ჩემთან ერთად იბრძოდა თავისუფლებისთვის. ამ ვითომ გადაფარებით ქვეყანაში მოგყავთ ძალადობრივი რეჟიმი. თუ ამას ვერ ვხვდებით, სახლში წადით და იმ ახალგაზრდებს დაუთმეთ გზა, რომლებიც ყოველგვარი პოლიტიკური დღის წესრიგის გარეშე დგას ქუჩაში. სად იყავით თქვენ მაშინ, კაბინეტში? იქ უნდა დამდგარიყავით და გადაფარებოდით ბავშვებს, ვისაც თვალები დათხარეს. თუ მაგდენი გამბედაობა გქონდათ, გასულიყავით გარეთ და იმ ბავშვებს გადაფარებოდით იქ, რომლებსაც დასდევდნენ ქუჩაში, სადაც არც რევანშის საფრთხე იყო, არც თავდასხმა იყო. რა გინდათ თქვათ, რომ ჩემიანი თუ აკეთებს ყველაფერი მოსულა“, – აღნიშნა ბესელიამ.
მისივე თქმით, ვიდრე რუსი დეპუტატი გავრილოვი პარლამენტის თავმჯდომარის სკამს დაიკავებდა, არავის ეყო გონიერება, ეთქვა, რომ არ შეიძლებოდა ასეთი ღონისძიების დაგეგმვა.
„სად იყავით რომელიმე, რომ ასულიყავით სცენაზე და ჩამოგეყვანათ. არაფრის მომცემი გადაფარება, ეს ყავლგასული ბოდიშები არაფერს არ გავს, ეს მთავრდება ძალიან ცუდად. მე მადარდებს ის, რომ წარსულში დაბრუნების საფრთხეს ვხედავ, თქვენი უნიათობის უპასუხისმგებლობისა და გაუაზრებელი ქმედებების გამო“, – განაცხადა ბესელიამ.