ეკა ბესელია - სამოქალაქო სექტორს, როგორც არ უნდა მოგწონდეს, მსგავსი ტერმინებით არ უნდა ესაუბრო
ეკა ბესელია - სამოქალაქო სექტორს, როგორც არ უნდა მოგწონდეს, მსგავსი ტერმინებით არ უნდა ესაუბრო

დამოუკიდებელი დეპუტატის ეკა ბესელიას განცხადებით, პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძეს ურთიერთობის უნარი არ გააჩნია არც დეპუტატებთან და არც პოლიტიკურ ჯგუფებთან.

ჟურნალისტებთან საუბარში ეკა ბესელია ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სხდომაზე პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძისთვის დასმულ კითხვას გამოეხმაურა, რომელიც მაღალი თანამდებობის პირების მხრიდან არასამთავრობო ორგანიზაციების მიმართ გაკეთებულ განცხადებებსა და მათი „ფაშიზმის მხარდამჭერებად“ მოხსენიებას ეხებოდა.

ეკა ბესელიამ ამ კონტექსტში პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებები გაიხსენა და აღნიშნა, რომ სამოქალაქო სექტორს, როგორც არ უნდა მოგწონდეს ან არ ეთანხმებოდე, მსგავსი ტერმინებით არ უნდა ესაუბრო.

„ირაკლი კობახიძეს ურთიერთობის უნარი არ აქვს არც დეპუტატებთან, არც პოლიტიკურ ჯგუფებთან. არავისთან არც ერთ თემაზე საუბარი არ შეუძლია. სამოქალაქო სექტორს ასეთი ტერმინებით ესაუბრება, ეს იმას ნიშნავს, რომ არც პოლიტიკოსია და პარლამენტის თავმჯდომარის მინიმალურ სტანდარტებსაც ვერ ფლობს. ეს იმასაც ნიშნავს, არ იცი, სად ხარ და რატომ ხარ. რომც არ მოგწონდეს, უნდა ელაპარაკო იმ ადამიანებს, ვინც საზოგადოების თუნდაც მცირე ჯგუფის სახელით გესაუბრება“, – განაცხადა ბესელიამ.

დეპუტატის თქმით, შესაძლოა, ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტში ყველა ორგანიზაციის წინადადებას არ იზიარებდა, მაგრამ მისივე განცხადებით, ვერც ერთი არასამთავრობო ორგანიზაცია ვერ იტყვის, რომ მათთვის ადამიანის უფლებათა ან იურიდიულ საკითხთა კომიტეტები დახურული იყო და დიალოგის ღია პლატფორმა არ ყოფილა.

„ყველასთან ვთანამშრომლობდი, რადგან ეს პარლამენტის მუშაობის წესია. მინიმალურ წესებს რომ არ ცნობ და საკუთარ კოლეგებთან დიალოგი არ შეგიძლია, მერე კამერებთან შეშინებული ორ სიტყვას დააგდებ ისე, რომ გინდა, ვინმე გააბრაზო, ეს შეურაცხმყოფელია პარლამენტისთვის, საპარლამენტო ქვეყნაში. ეს ეხება მამუკა ბახტაძესა და ყველას, ვინც წარმოადგენს ქვეყანაში უმაღლეს პოლიტიკურ თანამდებობას“, – განაცხადა ბესელიამ.

ირაკლი კობახიძემ გასული წლის ოქტომბერში განაცხადა: „ზოგიერთი პოლიტიზებული პერსონის გამო, ზიანდება თავად იდეა და არასამთავრობო სექტორის როლი სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბებაში, რაც დაუშვებელია. გვინდა, ხაზგასმით განვაცხადოთ, ვინც ხელს აფარებს ფაშიზმს, თავადაც არის ფაშიზმის თანამონაწილე. სამწუხაროა, რომ ასეთი ადამიანები არასამთავრობო ორგანიზაციების ხელმძღვანელებს შორისაც არიან“.

გუშინ კი, საქართველოს პრემიერ-მინისტრს, მამუკა ბახტაძეს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სხდომაზე სიტყვით გამოსვლის შემდეგ, ევროპარლამენტში სოციალ-დემოკრატიული ჯგუფის წევრმა, ბუნდესტაგის დეპუტატმა, ფრენკ შვაბმა ჰკითხა: „საერთაშორისო გამჭვირვალობი“ ანგარიშებში საუბარია მაღალი თანამდებობის პირების მხრიდან ზეწოლის შესახებ იმ არასამთავრობო ორგანიზაციებზე, რომლებიც კორუფციის საქმეებს იძიებენ, მაგალითად მათ „ფაშიზმის მხარდამჭერებს“ უწოდებენ. რას იტყვით ამ ბრალდებების საპასუხოდ“.

როგორც მამუკა ბახტაძემ კითხვის პასუხად აღნიშნა, მიმდინარე რეფორმებში სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობა ძალიან მნიშვნელოვანია. „ჩვენ გვყავს აქტიური სამოქალაქო საზოგადოება და, რა თქმა უნდა, ჩვენი მოტივაციაა მათთან ძალიან მჭიდრო მუშაობა. მე ყოველთვის ვამბობ, რომ როდესაც საქმე ეხება რეფორმებს, საქართველოში ამ პროცესში ყველა ჩართულია. ჩვენ გავატარეთ ძალიან რთული და ფუნდამენტური რეფორმები. ამ რეფორმებში სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობა ძალიან მნიშვნელოვანია და ჩვენ ეს გვესმის“, – განაცხადა პრემიერმა.