ეკა ბესელია - სამინისტროების გაერთიანების საკითხზე უმჯობესია, შეხვედრის შემდეგ ვისაუბროთ, თუმცა საბოლოო შედეგთან ახლოს ვართ
სამინისტროების გაერთიანების საკითხზე უმჯობესია, შეხვედრის შემდეგ ვისაუბროთ, თუმცა საბოლოო შედეგთან ძალიან ახლოს ვართ, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა ეკა ბესელიამ პრემიერ-მინისტრისა და უმრავლესობის შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა.
მისი თქმით, დღევანდელ შეხვედრაზე რამდენიმე დღის განმავლობაში მიმდინარე კონსულტაციების შედეგებს შეაჯამებენ და სტრუქტურულ ცვლილებებთან დაკავშირებით ერთიან გადაწყვეტილებამდე მივლენ.
„კონსენსუსის შედეგად, დღეს, ალბათ, გარკვეული სიახლეები იქნება, თუმცა შესაძლებელია, ცოტა სხვაგვარად მოხდეს შერწყმა, ამიტომ დაველოდოთ დღევანდელი შეხვედრის შედეგებს და რომელი სამინისტროები იქნება დაწყვილებული და გაერთიანებული, ამაზე ჯობია, შეხვედრის შემდეგ ვისაუბროთ, თუმცა ძალიან ახლოს ვართ საბოლოო შედეგამდე. კონცეპტუალურ დონეზე ამ იდეას მხარდაჭერა აქვს, რადგან მთავარი არსი ის არის, რომ ასეთი ტიპის ორგანული შერწყმით მოხდება გადაწყვეტილებებისა და მართვის კუთხით უფრო სწრაფი, ეფექტიანი და მოქალაქის შედეგზე ორიენტირებული ახალი მოდელის შემოთავაზება.
კონცეფციის დონეზე შეთანხმებულია, თუმცა იგივე დევნილთა სამინისტროსთან დაკავშირებით არის ასევე ახალი საინტერესო იდეა, მე არ გავუსწრებდი წინ მოვლენებს, რას გულისხმობს ეს იდეა, კონსულტაციების დასრულების შემდეგ, ვისაუბრებთ საბოლოოდ. დღეს საბოლოოდ შევჯერდებით“, – განაცხადა ეკა ბესელიამ.
„ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში მამუკა ბახტაძე საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლებს ხვდება. შეხვედრის მთავარი თემა მთავრობაში სტრუქტურული ცვლილებებია.